ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრმა საქართველოსთვის COVID-19-ზე რეაგირების მხარდასაჭერად დამატებით სამი მილიონი დოლარის დახმარება გამოყო. ამის შესახებ ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.
მისი განცხადებით, იანვრიდან ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი საქართველოს პანდემიასთან მომზადებასა და მასზე რეაგირებაში ეხმარება.
"ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს ჯანდაცვის სექტორის დახმარებას. მოხარული ვარ გაცნობოთ დამატებით სამი მილიონი დოლარის დახმარების შესახებ, რომელიც ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გამოყო საქართველოსთვის COVID-19-ზე რეაგირების მხარდასაჭერად.
იანვრის თვიდან ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით ეხმარება საქართველოს პანდემიასთან მომზადებასა და მასზე რეაგირებაში.
ერთობლივად განხორციელებულ აქტივობებს შორისაა ჯანდაცვის მუშაკთა ტრენინგი შემდეგ საკითხებზე: პერსონალური დამცავი აღჭურვილობის სათანადო გამოყენება, ინფექციის პრევენცია და კონტროლი, COVID-19-ზე საეჭვო შემთხვევების კონტაქტების კვლევა, ტექნიკური დახმარება პაციენტთა მართვისა და ნაკადების სისტემების კუთხით სამედიცინო დაწესებულებებში ვირუსის გავრცელების რისკის შესამცირებლად და საველე ეპიდემიოლოგების ტრენინგი, მათი სათანადო უნარებით აღჭურვა COVID-19-ზე მონაცემების შეგროვების, ანალიზისა და ინტერპრეტაციის კუთხით," – განაცხადა საქართველოში აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა.