საქართველოში კორონავურუსით გარდაცვლილთა ასაკი გაახალგაზრდავდა. დღეს COVID-19-ით 45 წლის ქალი გარდაიცვალა. იგი ერთ თვეზე მეტხანს გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობდა. პაციენტს თავდაპირველად წნევა აწუხებდა, თუმცა ვირუსის შემდეგ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, ჰქონდა ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა. დაახლოებით 3 კვირა რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა, მოგვიანებით თავის არეში სისხლჩაქცევები განუვითარდა. ექიმების ინფორმაციით, პაციენტის ჯანმრთელობა დღითიდღე მძიმდებოდა, თუმცა ვირუსის შედეგად გამოწვეული სხვადასხვა დაავადების გართულებით მისი ჯანმრთელობა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი იყო.
კორონავირუსით გარდაცვლილთა პარალელურად, ყოველდღიურად ინფიცირების შემთხვევებთან შედარებით მაღალია გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა. ამ დროისთვის ვირუსი უკვე 288 ადამიანმა დაამარცხა. ინფიცირებულებს შორის კი 100-ზე მეტი მედიკოსია. მათ შორის ბოლო შემთხვევა საგარეჯოში დადასტურდა. მედიკოსს პირველ ჯერზე COVID ინფექცია PCR ტესტით დაუდგინდა, თუმცა ამ დრომდე ინფიცირებულთა რიცხვს არ მიეკუთვნება, რადგან როგორც თავად "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას ამბობს, ვირუსისთვის დამახასიათებელი არც ერთი სიმპტომი არ აქვს. მონაცემები ლუგარის ლაბორატორიაში უკვე გაგზავნილია.
ინფიცირებული მედიკოსი ერთდროულად საგარეჯოს "ჯეო ჰოსპიტალსისა" და ბოჭორიშვილის კლინიკის თანამშრომელია. პაციენტი ამ დროისთვის ბოჭორიშვილის კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული. სამედიცინო დაწესებულებაში 23 მედპერსონალი უკვე გადაამოწმეს და კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა. აქედან 3 კარანტინში იმყოფება. საგარეჯოში ამბობენ, რომ სამედიცინო დაწესებულებაში მედპერსონალს კონტაქტი არავისთან ჰქონია, ვინაიდან ის რეზერვის თანამშრომელი იყო.
თუ მედპერსონალს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, ეს იქნება მეორე შემთხვევა, როდესაც ე.წ. ოქროს ტესტი შეცდა. ექიმები, რომლებიც ინფიცირებულ პაციენტებს ყოველდღიურად მკურნალობენ, თანხმდებიან, რომ PCR ტესტი არის ოქროს სტანდარტი, მიუხედავად იმისა, რომ ცდომილება შეიძლება იყო 15%.
პანდემიის პირობებში მიზნობრივი ჯგუფების ტესტირება გრძელდება. დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრი დამატებით 5 მილიონი ლარის ტესტებს და სამედიცინო ინვენტარს შეიძენს. გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობისთვის შესყიდვების სააგენტოს 7 მაისს უკვე მიმართა. სამედიცნო დაწესებულებეში ამბობენ, რომ ჯერჯერობით ერთი თავის მარაგი არსებობს და პრობლემა, მათ შორის სამედიცინო ინვენტარზეც, არ აქვთ.
ქვეყანა პანდემიის გარდამავალ ეტაპზეა. ვირუსის პიკი მაისის ბოლომდე გაგრძელდება, ამიტომ ყველა რეკომენდაციის გათვალისწინება ისევ მნიშვნელოვანია.