საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად დღეს ავიარეისი ბერლინიდან განხორციელდება
ამ რეისით საქართველოში ჩამოვა 180-მდე მგზავრი, მათ შორის ონკოლოგიური პაციენტები, არასრულწლოვნები, ხანდაზმული პირები, სტუდენტები და ტრანზიტული მგზავრები.
COVID-19-ის გავრცელების პირობებში დაწესებული შეზღუდვების ფონზე, ეს არის მეოთხე ჩარტერული რეისი ბერლინიდან.
საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, შესრულდა ფრენები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებიდან, მათ შორის, ბერლინიდან, ვენიდან, ლონდონიდან, ათენიდან, აშშ-დან, ლარნაკიდან, ამსტერდამიდან, პეკინიდან, რომიდან, პარიზიდან, თელ-ავივიდან, ბარსელონიდან, ვარშავიდან, მადრიდიდან, პრაღიდან და ა.შ.
8 მაისის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 19,607 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში - მთავრობის ხელშეწყობით - ორგანიზებულად დაბრუნდა 10,115 მოქალაქე.
საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, ამსტერდამიდან 15 მაისს შესრულდება ჩარტერული რეისი ტრანზიტული მგზავრებისათვის, რომლითაც სამშობლოს აშშ-დან დაუბრუნდება სტუდენტები, სამხედროები, ხანდაზმული პირები, ტურისტები და ა.შ.