ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე დღეს, მცხეთაში ცხელების ცენტრს ეწვია. მან ადგილზე აღნიშნა, რომ თუკი ხელიდან არ გაგვექცა სიტუაციის კონტროლი ვირუსთან დაკავშირებით, მაშინ პიკი იქნება ის პერიოდი, რომელიც ახლაა და მომავალში ეს აღარ გველოდება.
"თუ რამე კიდევ არ ჩავიდინეთ, რაღაცა სისულელე, სადღაც რაღაც არ ვქენით, არ მოვაწყვეთ თავყრილობა და რაღაც სადავეები არ გაგვექცა ხელიდან, გაგრძელდა ის ტენდენცია და ის ხარისხი მობილიზაციის, რაც ახლაა, მაშინ სავარაუდოდ, ახლა ვიმყოფებით პიკზე. ამას პლატოს სახე ექნება, იქნება თანაბარი რაოდენობა და წესით, არ უნდა იყოს მატება. ეს არ არის საბოლოო გამარჯვება და წარმატება, ეს არის ამ მომენტისთვის წარმატება. იხსნება შეზღუდვები,"- აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თქმით, ქვეყანა ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდება და ამას აკეთებს ერთ-ერთი პირველი ევროპაში.
"ფაქტობრივად, ქვეყანა უბრუნდება ნორმალურ ცხოვრებას და ამას აკეთებს ერთ-ერთი პირველი ევროპაში და რაც მთავარია, აკეთებს კარგ ფონზე, როდესაც არ არის იმის საფრთხე, რომ ამას ვაკეთებთ განწირულობიდან გამომდინარე. ევროპის ზოგიერთ ქვეყანას მძიმე მდგომარეობა აქვს და მაინც აკეთებს ამას, რადგან სხვა გზა არ აქვს.
წარმატებად ჩაითვლება მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენ გავიხსნებით და ეს მოხდება რამდენიმე დღეში, რამდენიმე კვირაში და შევინარჩუნებთ ამ მდგომარეობას, ეს იქნება წარმატება," – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.