თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში 72 მედიკოსია ინფიცირებული.
მისივე თქმით, ეს მაღალი მაჩვენებელია, რადგან ქვეყანაში ინფიცირებული 626 პაციენტიდან 10% მედპერსონალია. დაინფიცირება მაღალ მაჩვნებელზე მეტყველებს. თუმცა თენგიზ ცერცვაძე იმასაც აღნიშნავს, რომ ეს რაოდენობა ევროპის ქვეყნებთან შედარებით საკმაოდ დაბალია.
"ექიმების დაინფიცირების შემთხვევები გაიზარდა და 72-ია. მინდა გითხრათ, რომ ეს კარგი არ არის და პროცენტი მაღალია, თითქოს ათ პროცენტზე მეტია, იცით, რატომ არის 10 %-ზე მეტი, რადგან სულ 626 ინფიცირებულია. იტალიასა და ევროპის ქვეყნებში ექვსი ათასზე მეტი სამედიცინო მუშაკია დაინფიცირებული, მათგან ნაწილი გარდაიცვალა. სასწრაფოების ექიმების დაინფიცირების მიზეზი იმანაც გამოიწვია, რომ მათ ყოველთვის არ იცოდნენ როგორი ტიპის პაციენტთან მიდიოდნენ. ჩემი აზრით, ჩვენი წარმატების საიდუმლო არის ის, რომ როდესაც რაღაც შეცდომას, ხარვეზს თუ გაუთვალისწინებელ რაღაცას ნახულობენ, ამაზე მყისიერ რეაქციას ახდენენ. უკვე ექიმები ნებისმიერ პაციენტს COVID ინფიცირებულად განიხილავენ, სწორედ ეს იქნება ერთ-ერთი გზა, ექიმების ინფიცირების შემცირების.
ჯერჯერობით PCR კვლევები ფართოვდება, ასეა გერმანიაშიც. 3000-მდე PCR კვლევა უნდა ჩატარდეს, რომ გავიგოთ ვინ არის ამ წუთში ავად. პირველი რიგის ამოცანა ეს არის. ვინ გადაიტანა ეს საინტერესოა ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, მაგრამ ახლა ჩვენ გვაინტერესებს ვინ არის ამ წუთში ავად, რომ ვუმკურნალოთ,"- აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.