დღეს დამატებული 9 ინფიცირებული პაციენტის ჯგუფი ცნობილია - ისინი მარნეულის, ბოლნისის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტიდან არიან. მათგან ერთ-ერთი ბოლნისის სოფელ მუშევანის მკვიდრია და ის მარნეულში, "ავერსის" კლინიკაში მკურნალობდა. სოფელში, სადაც, ამ დროისთვის, სულ 28 დადასტურებული შემთხვევაა, 25 აპრილის შემდეგ მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს.
ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი მაკა მამარდაშვილი აცხადებს, რომ PCR ტესტების ჩატარება კიდევ გაგრძელდება.
"ექვსი ნიმუში გვქონდა გაგზავნილი და ექვსივე არის უარყოფითი. გუშინ მარნეულის "ავერსის" კლინიკაში დადასტურდა ერთი კოვიდინფექცია. სულ 1604 ადამიანს აქვს ჩატარებული ტესტი, რომელთაგან დადასტურებულია 121,"- განაცხადა მაკა მამარდაშვილმა.
თბილისში მოთავსებული პაციენტების მდგომარეობა კი კვლავ უცვლელია.
ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ ერთი კრიტიკულად მძიმე პაციენტის მდგომარეობა კვლავ უცვლელია.
"ახალი შემთხვევებიდან ძირითადი წყარო თეთრიწყაროს შემთხვევაა. ზოგადი მდგომარეობა ჩვენს კლინიკაში უცვლელია ერთი კრიტიკულად მძიმე პაციენტი ისევ გვყავს,"- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.