18 ნოემბერი 2024,   19:43
ვრცლად
სოციალური მომსახურების სააგენტო პირველ განმარტებას აკეთებს - რატომ გადაიყვანეს ჩვილი კლინიკიდან სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ

სოციალური მომსახურების სააგენტო პირველ განმარტებას აკეთებს, რატომ გადაიყვანეს ჩვილი რეფერალური კლინიკიდან სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ. სააგენტოს განცხადებით, ამ გადაწყვეტილების შესახებ მშობლები საქმის კურსში იყვნენ.

ახალშობილის ოჯახი ინფორმირებული იყო ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც სოცაგენტებმა საკითხის შესწავლა დაიწყეს. უწყებას კი რისკების შეფასება თავად კლინიკამ სთხოვა.

ერთ-ერთ ვერსიად, რატომ გადაიყვანეს ჩვილი რეფერალური კლინიკიდან სახელმწიფოს აღზრდის ქვეშ და არ გაატანეს მშობლებს სახლში, არასათანადო მზრუნველობა სახელდება. 

"კურიერმა" გაარკვია, რომ ბავშვის სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ გადაყვანა, ოჯახში არასათანადო ზრუნვის გამო მოხდა.

სოციალური სამსახურის ხელმძღვანელის მეგი მაღალაშვილის განცხადებით, ოჯახი ჩვილის სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ გადაყვანის შესახებ თავიდანვე იყო ინფორმირებული.

"ოჯახი ინფორმირებული იყო არათუ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, არამედ ჩვენ მათ დეტალურად ავუხსენით შემდეგი პროცედურები. ოჯახში რომ დაბრუნდეს ბავშვი, ამისთვის ორმხრივი თანამშრომლობა უნდა შედგეს,"- განაცხადა მეგი მაღალაშვილმა.

პედიატრიული სამსახურის ხელმძღვანელი ქეთევან შარანგია აღნიშნავს, რომ დედამ საავადმყოფოს ბავშვის გაყვანასთან დაკავშირებით მხოლოდ ერთხელ მიმართა, თუმცა ჩვილის გაწერა მაშინ ვერ მოხერხდებოდა, რადგან ზონდით კვებაზე იყო და სახლის პირობებში მისი მოვლა შეუძლებელი იქნებოდა.

"მშობლებს და ოჯახს ვინაიდან არ აქვს პირობები, რომ დღენაკლული ახალშობილი მათთან ჯანმრთელობის საფრთხის გარეშე იყოს, სწორედ ამიტომ ეს გადაწყვეტილება მიიღო სოციალურმა სამსახურმა. ბავშვი დაიბადა 900 გრამიანი და გავწერეთ 3.700. ერთადერთხელ მოგვმართა დედამ, თუმცა მაშინ ბავშვს ვერ გავწერდით, რადგან ზონდით იკვებებოდა იმ პერიოდში,"- განაცხადა ქეთევან შარანგიამ.

ოჯახს სოციალურ სამსახურთან შემხებლობა აქამდეც ჰქონდა, მათ კიდევ 2 შვილი ჰყავთ. მეზობლების თქმით, ოჯახი მაქსიმალურად ცდილობს ბავშვებს კარგად მოუარონ, მიუხედავად იმისა, რომ სოციალური დაცვის ქვეშ მყოფი ოჯახია და ფინანსურად უჭირთ.

ამჯერად სახელმწიფომ ჩვილზე ზრუნვა მხოლოდ დროებით აიღო. იმ შემთხვევაში თუ ოჯახი ყველა რეკომენდაციას გაითვალისწინებს და ბავშვზე დამოუკიდებლად ზრუნვას შეძლებს, სახელმწიფო ჩვილს საკუთარ ოჯახს დაუბრუნებს.

ჩვილი, რომლის მშობლებიც აცხადებენ, რომ ბავშვი საავადმყოფოდან მათთან შეუთანხმებლად, სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ გადაიყვანეს, რეფერალურ კლინიკაში 21 იანვარს ნაადრევად გაჩნდა. მისი წონა არ იყო სტანდარტული და აუცილებელი იყო კლინიკაში მკურნალობა. არსებული ინფორმაციით, ვინაიდან ოჯახი სოციალურად დაუცველია და დღენაკლულ ჩვილზე სათანადო ზრუნვას ვერ შეძლებდნენ, სოციალურმა სამსახურმა გადაწყვეტილება მიიღო, დროებითი მზრუნველობა სახელმწიფოსთვის გადაებარებინა, ამ გადაწყვეტილების შესახებ კი ინფორმირებული იყო თავად ჩვილის ოჯახიც.

შესაბამისმა სამსახურებმა მშობლები საქმის კურსში 7 მაისს ჩააყენეს და 8 მაისს უკვე ჩვილი კლინიკიდან სახელმწიფო ზრუნვაში გადავიდა, რასაც მშობლების მხრიდან უკურეაქციები მოჰყვა. სააგენტოს წარმომადგენლების განცხადებით, მშობლებს განემარტათ, რომ სათანადო რეკომენდაციების გათვალისწინების შემთხვევაში, ბავშვს მშობლებს სახლში გაატანენ, თუმცა მშობლებმა სააგენტოსთან თანამშრომლობაზე უარი თქვეს.

დღის ამბები