თბილისის მერი დღეს 172-ე ბაგა ბაღში იმყოფებოდა. კახა კალაძე პროდუქტების გაცემის პროცესს დაესწრო. პროგრამა ივნისის ბოლომდე გაგრძელდება.
კახა კალაძის განცხადებით, პროექტი, რომელიც აღსაზრდელებისთვის საკვებით მომარაგებას გულისხმობს, პანდემიის პირობებში ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
"ეს გადაწყვეტილება ამ რთულ ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო. უამრავმა მშობელმა მიიღო პროდუქტი. სამჯერ მოხდა უკვე პროდუქტების დარიგება,"- განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის კახა გვანცელაძის თქმით, დღეს მესამე ეტაპი დასრულდა და კიდევ ერთი ეტაპი დარჩა.
"11 სახის პროდუქტი დარიგდა, დღეს მესამე ეტაპი დასრულდა და კიდევ იქნება ერთი ეტაპი. პროექტის ღირებულება ჯამში მილიონ რვაასი ათას ლარს შეადგენს,"- აღნიშნა კახა გვანცელაძემ.
შეგახსენებთ, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ბაღებში თითო ბავშვზე გარკვეული სახის პროდუქტი რიგდება. პროდუქტების დარიგება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთანავე დაიწყო და დღეს მესამე ეტაპი დასრულდა.
პროდუქტების დარიგება ბაგა-ბაღებში ივნისამდე გაგრძელდება.