ახალი კორონავირუსი ამ დრომდე შეუსწავლელია, ამიტომ ის შეიძლება ნებისმიერ დროს შემოუბრუნდეს ქვეყანას - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს. მისივე თქმით, მსოფლიოში ასეთი მაგალითი რამდენიმე ქვეყანას აქვს.
ბიძინა კულუმბეგოვი მოქალაქეებს კვლავ რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვას ურჩევს.
"პანდემიის სამედიცინო ასპექტები ჯერჯერობით დამთავრებული არ არის და რადგან ვირუსი თავისი ბუნებით არის შეუცნობელი და ვერაგი, ის შეიძლება ნებისმიერ დროს ჩვენ შემოგვიბრუნდეს. ამის მაგალითია სამხრეთ კორეის მაგალითი, ამის მაგალითია გერმანია, სადაც ე.წ. რეპროდუქციულმა მაჩვენებელმა მოიმატა, ანუ ახლა ელოდებიან, რომ 10 დღიდან ორ კვირაში შეიძლება იყოს შემთხვევათა რიცხვის ზრდა და ნახავენ, როგორი გავლენა აქვს სოციალური პასუხისმგებლობის საკითხს.
იგივე უჰანში დაფიქსირდა შემთხვევები. ჩვენ ძალიან სწორად და ზუსტად უნდა გავიაზროთ, რომ სახელმწიფოს უჭირავს ეს ბერკეტი, რომლის დროსაც, შეიძლება ეს კარანტინის რეჟიმი და ლოქდაუნი უკან დააბრუნოს," - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.