18 ნოემბერი 2024,   19:35
ვრცლად
ფსიქიატრიულ კლინიკაში პაციენტმა საპირფარეშოში იმშობიარა, მედპერსონალმა ორსულობის შესახებ მხოლოდ ამის შემდეგ შეიტყო - ომბუდსმენის ანგარიში

სახალხო დამცველი ფსიქიატრიულ და სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში ქალთა სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრობს.

ომბუდსმენის ანგარიშში კონკრეტულ ფაქტებზეა საუბარი. დოკუმენტში მოხვდა აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში მომხდარი შემთხვევა. სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, ქალმა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იმშობიარა, ექიმებმა კი მას ორსულობა ვერ დაუდგინეს მიუხედავად იმისა, რომ ის გინეკოლოგმაც გასინჯა.

მედპერსონალმა ორსულობის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ შეიტყო, რაც ქალმა 36-37 კვირის ვადაზე დაუხმარებლად დაწესებულების საპირფარეშოში იმშობიარა. პაციენტი ფსიქიატრიულ დახმარებას ორსულობის განმავლობაში 2 სხვადასხვა დაწესებულებაში იღებდა, თუმცა ორსულობა ვერცერთ ამ დაწესებულებაში ვერ დაუდგინეს.

"ერთ-ერთ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ქალმა იმშობიარა საპირფარეშოში და მხოლოდ ამის შემდეგ გახდა ცნობილი დაწესებულების ადმინისტრაციისთვის, მაშინ, როდესაც ჩანაწერების მიხედვით, მას მიღებული ჰქონდა გინეკოლოგის კონსულტაციაც

ეს ნათლად აჩვენებს თუ რა ტიპის ვითარება შეიძლება გვქონდეს მსგავსი ტიპის დაწესებულებაში. 

ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ის გამოწვევები, რაც არსებობს, როგორც პოლიტიკის დონეზე, რადგან არ არის მოწესრიგებული სახელმძღვანელო წესები, გაიდლაინები, ასევე პრაქტიკის დონეზე, დაწესებულებებში სათანადო ყურადღება მიექცევა," - აცხადებს საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე ეკა სხილაძე.

დღის ამბები