18 ნოემბერი 2024,   19:45
ვრცლად
ღვანკითში დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება უახლოეს დღეებში იგეგმება

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება უახლოეს დღეებში იგეგმება - ამის შესახებ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ განაცხადა. 

მისივე განმარტებით, ვადები დამოკიდებულია პროტოკოლზე, რომლის მიხედვითაც სოფელში შეზღუდვები დაწესდა.

"ღვანკითში ეპიდემიოლოგების რჩევით მკაცრი პროტოკოლი გავატარეთ. იქედან გამომდინარე, რომ ბევრი შემთხვევა იყო დაფიქსირებული, მივიღეთ გადაწყვეტილება ჩაკეტილიყო მთლიანად სოფელი და მოქცეულიყო საკარანტინო ზონაში. ყველა ის ღონისძიება, რაც შემდეგ ადგილზე გატარდა, იყო სწორედ პრევენციის, რომ სოფელში აღარ ყოფილიყო შემდგომი გავრცელება. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ გატარებული ზომებიდან გამომდინარე შედეგი მივიღეთ, უახლოეს დღეებში იგეგმება ღვანკითის გახსნა და ზომების შემსუბუქება," - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.

მისივე თქმით, სახელმწიფო სოფელ ღვანკითის მოსახლეობას პროდუქციის რეალიზაციაში დაეხმარა.
 
"სოფელში იყო პროდუქცია, რომლის რეალიზაციაც უჭირდათ მოქალაქეებს, გამოვძებნეთ სხვადასხვა გზები, ადგილზე ჩააკითხეს, შეიძინეს დაინტერესებულმა პირებმა პროდუქცია და მისი რეალიზაცია მოხდა უკვე სხვადასხვა ქალაქებში. ნებისმიერ შემთხვევაში სახელმწიფო რეაგირებდა ძალიან ოპერატიულად ყველა საკითხზე, რაც შეიძლება დამდგარიყო ღვანკითის მოსახლეობის წინაშე," - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

კორონავირუსის რამდენიმე დადასტურებული შემთხვევის შემდეგ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითი 23 აპრილიდან ჩაიკეტა.

დღის ამბები