თითქმის ერთთვიანი იზოლაციის შემდეგ დედაქალაქი გაიხსნა. თბილისის შესასვლელში ინტენსიური ორმხრივი მოძრაობა დილის 6 საათიდან აღდგა. თუმცა ადგილზე მაინც რჩებიან შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების წარმომადგენლები. ჯერჯერობით გადაწყვეტილება არც საველე ჰოსპიტლის და არც ყაზარმის დემონტაჟის შესახებ მიუღიათ. უსაფრთხოების მიზნით ობიექტები ქალაქის შესასვლელებში საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე დარჩება.
სამშენებლო საქმიანობა დღეიდან გამარტივდება. ვინაიდან შეზღუდვების შემსუბუქების მეორე და მესამე ეტაპის ამოქმედება სამშენებლო-სარემონტო და სამშენებლო ზედამხედველობასთან დაკავშირებული საქმიანობის აღდგენასაც გულისხმობს. შესაბამისად მუშაობა უკვე განაახლეს პროფილურმა, მსხვილმა ჰიპერმარკეტებმაც.
ჯანდაცვის სამინისტროს ეს რეგულაციები ყველა საცალო თუ საბითუმო სავაჭრო ობიექტებს ეხება, რომლებმაც დღეს მუშაობა განაახლეს. თერმოკონტროლი, პირბადეები და ერთჯერადი ხელთათმანი ამ ეტაპზე მაღაზიაში შესასვლელად აუცილებელი პირობაა. უსაფრთხოების ზომების დაცვა ევალებათ კომერციულ ბანკებს, სესხის გამცემ ობიექტებს, საადვოკატო ბიუროებს და ღია ტიპის აგრარულ ბაზრებს. შეზღუდვები კვლავ ვრცელდება ტანსაცმლის და ფეხსაცმლის მაღაზიებზე.
ბოლო დღეების განმავლობაში ქვემო ქართლში "კოვიდ 19"-ის გავრცელების ერთეული შემთხვევები ფიქსირდება. თუ პოზიტიური ტენდენცია შენარჩუნდება, შეზღუდვები 18 მაისს მოიხსნება მარნეულის მუნიციპალიტეტშიც. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტთან დაკავშირებით კი მსგავს რეკომენდაციას სპეციალისტები ჯერჯერობით არ გასცემენ.
მთავრობის მიერ შეზღუდვების შემსუბუქების 6 პუნქტიანი გეგმა პრემიერ-მინისტრმა 24 აპრილს წარადგინა. მეოთხე ტალღა სავარაუდოდ 1 ივნისს შევა ძალაში. ის სავაჭრო მოლების, ღია ტიპის კვების ობიექტების, სილამაზის სალონების და ესთეტიკური ცენტრების გახსნას ითვალისწინებს.
ამის შემდეგ 15 ივნისიდან იგეგმება დახურული ტიპის ბაზრების და ბაზრობების, ასევე ყველა ტიპის კვების ობიექტის მუშაობის განახლება. თუ მოსახლეობა ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის რეკომენდაციებს მკაცრად დაიცავს - ყველა დანარჩენი შეზღუდვა საბოლოოდ 29 ივნისს მოიხსნება.