21 იანვარს, რეფერალურ საავადმყოფოში დაბადებული ჩვილის დაბრუნებას ოჯახი ისევ ითხოვს.
ჩვილის ოჯახის წევრები რეფერალური საავადმყოფოს კლინიკაში შეიჭრნენ - მიზეზი ახალშობილის სახელმწიფო ზრუნვაში გადაცემა იყო. მშობლები ბავშვის დაბრუნებას და იმ ექიმთან შეხვედრას ითხოვდნენ, რომელმაც გადაწყვეტილება მათი ხელმოწერის გარეშე მიიღო. დაპირისპირება და ხმაური მას შემდეგ დასრულდა, რაც ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს, თუმცა ახალშობილის ოჯახის წევრებმა ტერიტორია ისე დატოვეს, რომ ბავშვის ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაცია ვერ მიიღეს.
როგორც "კურიერმა" გაარკვია, ქალმა თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში 21 იანვარს იმშობიარა, ბავშვი დღენაკლული იყო. ჩვილი ჯანმრთელობის მდგომარების გამო კლინიკაში რამდენიმე თვის განმავლობაში გააჩერეს. "კურიერის" ინფორმაციით, პროცესში ტრეფიკინგის სახელმწიფო ფონდმა ოჯახის შესწავლა მალევე დაიწყო, რადგან დედა პატარის მიმართ არასათანადო მზრუნველობას იჩენდა, პერიოდულად ბავშვის საავადმყოფოდან გაწერას და მკურნალობის ნაადრევად დასრულებას ითხოვდა. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა დღეს კლინიკაშიც გაიხსენეს.
ტრეფიკინგის სახელმწიფო ფონდი ბავშვის ადგილსამყოფელს უსაფრთხოების მიზნით არ აკონკრეტებს, თუმცა ამტკიცებს, რომ ის სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ იმყოფება. იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი მათთან ითანამშრომლებს და რეკომენდაციებს გაითვალისწინებს, ფონდი ბავშვს მშობლებს დაუბრუნებს. სამსახური ამ საქმის შესწავლას კვლავ აგრძელებს. ფონდის ხელმძღვანელის მტკიცებით, ამ დრომდე ჩვილის მშობლებს თანამშრომლობის სურვილი არ გამოუხატავთ, რის გამოც სამსახურმა რისკები დაინახა და ბავშვი ოჯახის ნაცვლად სახელმწიფო მზრუნველობაში გადაიყვანა.
სოციალური მუშაკები აბოვიანებს კარგად იცნობენ, რადგან ოჯახში მყოფი სხვა მცირეწლოვნები ფონდის კრიზისული პროგრამების ბენეფიციარები არიან. "კურიერმა" გაარკვია, რომ 3 წლის წინ აბოვიანების ერთ-ერთი შვილი ბავშვის ტრეფიკინგის სააგენტომ ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების პროგრამაში ჩასვა. თუმცა ოჯახში ამბობენ, რომ ამის მიზეზი მშობლის მხრიდან მცირეწლოვნის ქუჩაში ცხოვრება ან მუშაობა არ ყოფილა. ბავშვის დედა ამტკიცებს, რომ მას სააგენტო მაშინ დაეხმარა, როდესაც შვილების რჩენა მათხოვრობით უწევდა. დღეს კი კავშირს ორ სხვადასხვა საქმეზე ვერ ხედავს და ჩვილის სახლში დაბრუნებას და დახმარებას ითხოვს.
იმ შემთხვევაში, თუ ადამიანით ვაჭრობის, მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდთან ჩვილის ოჯახის წევრები ითანამშრომლებენ და ფონდის რეკომენდაციების გათვალისწინებას დაიწყებენ, რისკები შემცირდება. სოციალური მუშაკები კი, ახალ ეტაპზე გადავლენ, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ჩვილის ოჯახში დაბრუნების შესაძლებლობა გაჩნდება.