18 ნოემბერი 2024,   19:37
ვრცლად
ევროპის ქვეყნები შეზღუდვების შემსუბუქებას განაგრძობენ - პირბადის გამოყენება და სოციალური დისტანცია სავალდებულო რჩება

საფრანგეთში 55 დღიანი მკაცრი კარანტინი დასრულდა. პარიზი ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება. ქვეყანაში უკვე განახლდა სატრანსპორტო მოძრაობა. გაიხსნა სილამაზის სალონები და მაღაზიები, თუმცა ფრანგებისთვის სავალდებულოდ რჩება პირბადის გამოყენება და სოციალური დისტანციის დაცვა. 

შეზღუდვების შემსუბუქებას განაგრძობს ესპანეთიც. დღეიდან დასაშვები იქნება ათ ადამიანამდე შეკრება, ღია სივრცის მქონე რესტორნები კი მუშაობის განახლებას სოციალური დისტანცირების წესების დაცვით შეძლებენ. ამ დრომდე ყველაზე მკაცრი შეზღუდვები მადრიდში, ბარსელონასა და ვალენსიაში რჩება.

"იყავი ფრთხილად" - ეს დიდი ბრიტანეთის ახალი სლოგანია, რომელითაც მთვარობამ მოწოდება "დარჩი სახლში" ჩაანაცვლა. ახალი რეგულაციებით დასაქმებულები, რომლებიც სამუშაოს დისტანციურ რეჟიმში ვერ ასრულებენ, სამსახურებში დაბრუნდებიან. 

გაზრდილი ინფიცირების მაჩვენებლის მიუხედავად, გერმანია აკრძალვების შემსუბუქებას განაგრძობს, თუმცა რეგულაციების შემსუბუქება იმ რეგიონებს მოიცავს, სადაც კორონავირუსის ინფიცირების დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

ზომები შემსუბუქდა შვეიცარიაშიც. ქვეყანაში სასწავლო პროცესი განახლდა, თუმცა სკოლები ბავშვებს შემცირებული რაოდენობით მიიღებენ. 

შეზღუდვების შემსუბუქების მეორე ფაზა დღეიდან ძალაში შევიდა საბერძნეთშიც. გაიხსნა თითქმის ყველა სექტორის სავაჭრო ობიექტი. 

ვირუსთან ერთად თანაცხოვრებას სწავლობს ახალი ზელანდიაც. ქვეყანა ხუთშაბათიდან კინოთეატრებს, სავაჭრო ცენტრებს და სპორტული დარბაზებს გახსნის.

ჩინეთში კი 4 თვიანი პაუზის შემდეგ, შანხაის დისნეის გასართობი პარკი გაიხსნა. გასართობი ცენტრის ადმინისტრაცია ვარაუდობს, რომ ვიზიტორების რაოდენობა 30%-ით შემცირდება. 

ევროპისგან განსხვავებით, COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევები მეზობელ ქვეყნებში იმატებს. განსაკუთრებით დამძიმდა მდგომარეობა რუსეთში, სადაც ბოლო 24 საათის განმავლობაში ინფიცირების 11 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. საერთო ჯამში რუსეთმა, 221 ათასზე მეტი ინფიცირებულით, მსოფლიო რეიტინგში დიდ ბრიტანეთს გადაასწრო და ამჯერად შტატებისა და ესპანეთის შემდეგ მესამე ადგილზე იმყოფება.

მძიმე მდგომარეობაა თურქეთშიც, სადაც ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 138 ათასზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი. 

 

 

 

 

 

 

დღის ამბები