სოფლის მეურნეობის ექსპერტი ბექა გონაშვილი აცხადებს, რომ საქართველომ პანდემიის პერიოდი ნაყოფიერად უნდა გამოიყენოს და სასურსათო უსაფრთხოების კუთხით მეტი იფიქროს.
მისი თქმით, ამ ეტაპზე საქართველოში საექსპორტო პროდუქტის პრობლემა არ დგას, თუმცა შიდა მოხმარების პროდუქტები, შესაძლოა, პრობლემური გახდეს.
"მე ვფიქრობ, რომ ეს არის ზუსტად ის დრო, როდესაც ქვეყანას შეუძლია სასურსათო უსაფრთხოების კუთხით მეტი იფიქროს. მეტად უნდა გადავიდეს ისეთი პროდუქტის წარმოებაზე, რომელიც ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნაია. არ გამოვრიცხავთ საექსპორტო პროდუქციის წარმოებას. ჩემი ინფორმაციით, თხილზე არ დაცემულა მოთხოვნა, ასევე ცხვრის ხორცზე. საქართველოში, მაგალითად, დიდი მოთხოვნაა. უბრალოდ ამჯერად არ არის ჯერ ამის სეზონი და ერთ თვეში დაიწყება. ექსპორტის კუთხით, მე პრობლემას ნამდვილად ვერ ვხედავ და არ ველი. ის პროდუქცია კი, რომელიც ქვეყნის შიგნით იყიდებოდა ამ ნაწილში გარკვეულ პრობლემებს ჩვენ ნამდვილად წავაწყდებით. რუსეთმა დაკეტა მარცვლეულის ექსპორტი, რაც საფუძვლიან მოლოდინს აჩენს, რომ ხორცზე და რძეზე თვითღირებულება გაიზრდება, ამიტომ ქვეყანა უნდა აწარმოებდეს მსგავს პროდუქტებს, რომ ნაკლებად დამოკიდებულები ვიყოთ თუნდაც რუსეთზე "- განაცხადა ბექა გონაშვილმა.