თბილისში კორონავირუსი დაუდასტურდა პაციენტს, რომელიც მანამდე ფილტვების ანთების დიაგნოზით მკურნალობდა. PCR ტესტი ორჯერ ჩაუტარდა და ორივე უარყოფითი იყო.
"კურიერთან" წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ პაციენტი მცხეთის ცხელების ცენტრიდან შეიყვანეს და მას ინფექცია არ ჰქონდა.
კლინიკაში მკურნალობის შემდეგ, მეშვიდე დღეს გამოჯანმრთელებული პაციენტი გაწერეს, მეცამეტე დღეს კი განმეორებით ტესტირების დროს მას კორონავირუსი დაუდასტურდა. კლინიკის 30 თანამშრომელი კორონავირუსზე უკვე შეამოწმეს მათ "კოვიდ19" არ დაუდასტურდათ.
წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი ზაზა ლურსმანაშვილი აცხადებს, რომ პირველადმა ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა, რის შედეგადაც გაწერეს პაციენტი საკარანტინე სივრცეში.
"პაციენტი მოთავსდა ჩვენს კლინიკაში პნევმონიის დიაგნოზით. ერთი კვირა მკურნალობდა გაუმჯობესდა მისი მდგომარეობა და პაციენტი დაბრუნდა საკარანტინე სივრცეში. ვიდრე საკარანტინე სივრცეს დატოვებდა, მას ჩაუტარდა გეგმიური კვლევა და დაუდასტურდა კოვიდ 19-ი. ყველა ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება, ვისაც ამ ადამიანთან ჰქონდა შეხება და ყველა იყო უარყოფითი და ვერ ვხედავთ კარანტინის გამოცხადების აუცილებლობას,"- განაცხადა ზაზა ლურსმანაშვილმა.