ხალხმრავლობით გამორჩეულ ბათუმის სანაპირო ზოლს დამსვენებელი წელსაც ეყოლება, თუმცა განსხვავებული რაოდენობით და ახალი რეგულაციებით. პირბადიან მოქალაქეებს ბათუმის ქუჩებში ხშირად შეხვდებით. ადამიანები სულ უფრო თამამად გამოდიან ქალაქის ქუჩებში, განსაკუთრებით მზიანი ამინდის დროს.
ადგილობრივები ზაფხულს ელოდებიან, თუმცა ჯერ არ იციან, ეპიდემიის საფრთხის გამო, სანაპიროზე მისულებს რა ახალი წესები დახვდებათ.
შავი ზღვის სანაპიროზე წელს, სავარაუდოდ, სეზონი არ ჩავარდება. თუმცა, ზაფხულში საზღვაო კურორტებზე ჩასულ მოქალაქეებს სპეციალური რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ. ეპიდემიის საფრთხის მიუხედავად, ზღვაში ბანაობა უსაფრთხოა. სპეციალისტების შეფასებით, ამ დროს დაინფიცირება, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ჯერ არსად დადასტურებულა ვირუსის წყლიდან გადაცემის ფაქტი. საშიშია სანაპირო ზოლი, სადაც დამსვენებლებს აუცილებლად მოუწევთ ორმეტრიანი დისტანციის დაცვა, ნივთებს კი მუდმივად უნდა ჩაუტარდეთ დეზინფექცია. პლაჟზე გარუჯვა წელს დისტანციასა და აუცილებელი ჰიგიენური ნორმების დაცვით იქნება შესაძლებელი. სანაპიროზე სიმჭიდროვე კი უნდა გაკონტროლდეს.
ვისეირნებთ თუ ზღვაში ვიბანავებთ, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც სოციალური დისტანციის დაცვაა. ასევე, აუცილებელია ნიღბების ტარება და ხელის ხშირი დეზინფექცია. ეპიდემიოლოგები სანაპიროზე განთავსებულ კვების ობიექტებსაც აძლევენ შესაბამის რეკომენდაციებს.
ჯერ კიდევ არ არის დადგენილი და ისევ კვლევის საგანია, ამცირებს თუ არა მაღალი ტემპერატურა კორონავირუსის გავრცელების რისკს. სპეციალისტები ამბობენ, რომ ულტრაიისფერი სხივები ნებისმიერი სახის ვირუსს ანადგურებს და არც ეს ვირუსი იქნება ამ მხრივ გამონაკლისი.
ამერიკელ მკვლევართა მიერ ჩატარებულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ მზის სხივები კორონავირუსს როგორც ზედაპირზე, ასევე ჰაერში იმაზე გაცილებით სწრაფად კლავს, ვიდრე მოსალოდნელი იყო. დაკვირვებამ აჩვენა, რომ კორონავირუსი მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედების დროს 90 წამში ძალის ნახევარს კარგავს. კვლევა აშშ-ის არმიის ბიოლოგიურ ლაბორატორიაში ჩატარდა.
ვიდრე მეცნიერები იკვლევენ მზის სხივებისა და ტემპერატურის გავლენას ახალ ვირუსზე, ბათუმში ადგილობრივმა მოსახლეობამ ზღვის სეზონი უკვე გახსნა. ზღვისპირეთი ადგილობრივი თუ უცხოელი სტუმრების მიღებას კი უახლოეს პერიოდში შეძლებს.