18 ნოემბერი 2024,   19:44
ვრცლად
რემდესივირს საქართველოში მხოლოდ მძიმე პაციენტებს მისცემენ - პრეპარატი ქვეყანაში მაისიდან შემოვა

მაისის ბოლოდან საქართველოში პრეპარატი რემდესივირი შემოვა. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა სოლიდარობის საერთაშორისო კვლევაში ჩაერთვება. რემდესივირის გარდა კვლევაში მონაწილეობს კიდევ 3 სხვა პრეპარატი, რომელსაც ექიმები შერჩევით გამოიყენებენ.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ გაბუნია აცხადებს, პრეპარატ რემდესივირის გამოყენება სოლიდარობის კვლევის ფარგლებში მოხდება და მასში ინფექციური საავადმყოფოს გარდა, კიდევ 6 კლინიკა ჩაერთვება. 

მისი თქმით, რემდესივირი მხოლოდ მძიმე პაციენტების მკურნალობისთვის გამოიყენება. თამარ გაბუნიას თქმით, სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული, რა რაოდენობის რემდესივირი ჩამოვა ქვეყანაში.

"რემდესივირის გამოყენება ქვეყანაში მოხდება სოლიდარობის კვლების ფარგლებში, რომლის ფორმალიზაციის პროცედურები დასრულდა და ახლა უკვე მიმდინარეობს ტრენინგის დაგეგმვის ეტაპი. 6 კლინიკაა ინფექციური საავადმყოფოს გარდა, რომელიც იქნება მთავარი მკვლევარი ამ შემთხვევაში. ეს არის ის ძირითადი კლინიკები, რომლებიც აქამდე მართავენ კოვიდ პაციენტებს. რაც შეეხება იმას, თუ რამდენი ჩამოვა პრეპარატი ქვეყანაში, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენი პაციენტი იქნება ისეთი, ვინც დააკმაყოფილებს შერჩევის კრიტერიუმს, ამ შემთხვევაში, რემდესივირი რეკომენდებულია მხოლოდ მძიმე პაციენტებისთვის, რომელთაც უტარდებათ ჰოსპიტალური მკურნალობა,“ - აცხადებს თამარ გაბუნია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი რემდესივირთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მსოფლიოში ამ ეტაპზე პრეპარატის შესახებ მყარი და დადასტურებული კვლევები არ არსებობს, თუ რა როლს ასრულებს იგი COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით.

"ის, რომ არსებობდეს მყარი მტკიცებულებები და კვლევები, რომ რემდესივირს აქვს განსაკუთრებული როლი COVID-19-ის მკურნალობაში, ანუ მას ჰქონდეს დაახლოებით ისეთი როლი, როგორც აქვს მაგალითად სოფოსბუვირს ჰეპატიტი C-ს მკურნალობაში, ამ ტიპის კვლევები დადასტურებული არ არსებობს. არსებობს ურთიერთსაწინააღმდეგო კვლევები და ამიტომაც, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გადაწყვიტა, რომ ჩაატაროს რემდესივირზე ე.წ. მულტიცენტრული კვლევა და მათ შორის ჩართულია საქართველოც,“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

დღის ამბები