საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა პრემიერთან და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ევროპის სხვადასხვა ქვეყანასთან ფრენების აღდგენის მიმართულებით მოლაპარაკებები წარმატებულად მიმდინარეობს.
დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ თავდაპირველად, ეს იქნება ისრაელი, ახლო სამეზობლო, ბალტიისპირეთი და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, ხოლო შემდეგ, სიტუაციის შესაბამისად, ამ ქვეყნების რიცხვი გაიზრდება.
"ინსტრუქციაა მიცემული ჩვენი საელჩოებისთვის. ელჩები არიან პირდაპირ კომუნიკაციაში შესული ამ ქვეყნის შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან. ძალიან პოზიტიური გამოხმაურებებია. რამდენიმე ქვეყანამ უკვე განსაზღვრა საქართველო თავისი ტურისტული მიმართულების პრიორიტეტულ მიმართულებებში და, ბუნებრივია, ყველა ამ საკითხზე იყო მსჯელობა. მიმართულებებია, ისრაელი, ასევე, ბალტიისპირეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, პოლონეთი, უნგრეთი, რა თქმა უნდა, სამეზობლო და, ამ მიმართულებით, თანდათანობით, ამ ქვეყნების არეალი და გეოგრაფია გაფართოვდება,"- განაცხადა დავით ზალკალიანმა.