8 მარტის შეთანხმება და საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერა ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის ისევ დავის და პოლიტიკური ბრალდებების თემაა. "ქართული ოცნება" ოპოზიციას ცვლილებების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს, რადგან მათი თქმით, მხოლოდ სახელისუფლებო გუნდის რესურსით საკონსტიტუციო ცვლილებისთვის საკმარისი ხმების მობილიზებას ვერ შეძლებენ.
"კურიერი" დაინტერესდა, უჭერენ თუ არა საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს ის მაჟორიტარი დეპუტატები, რომლებმაც თავის დროზე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირეს.
ერთ-ერთი მათგანი, "ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის" მდივანი ენზელ მკოიანი აცხადებს, რომ მიუხედავად პირადი ნეგატიური განწყობისა, საკონსტიტუციო ცვლილებებს ცვლილებას მხარს დაუჭერს.
"5-ჯერ ვიყარე კენჭი მაჟორიტარად და ეს საკონსტიტუციო ცვლილებები არ მომწონს, მაგრამ მე, როგორც ჩემი ქვეყნის პატრიოტი, რომელსაც მშვიდობა მსურს, მინდა ვიხილო, რომ ოპოზიცია და ხელისუფლება შეთანხმდნენ და ამიტომ მხარს აუცილებლად დავუჭერ,"- განაცხადა ემზარ მკოიანმა.
კიდევ ერთი მაჟორიტარი დეპუტატი, რომელიც პროპორციული წესით არჩევნების ჩატარების კატეგორიული წინააღმდეგი იყო, "ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის" თავმჯდომარე კახა ოქრიაშვილია. მაჟორიტარი დეპუტატის განცხადებით, ცვლილებების წინააღმდეგია, თუმცა პოლიტიკური დაძაბულობის მოსახსნელად სწორ სვლად პრეზიდენტის მიერ იმ პატიმრების შეწყალება მიაჩნია, რომელსაც ოპოზიცია პოლიტპატიმრებად მოიაზრებს.
"არც ამას და არც წინას არ დავუჭირე მხარი მაჟორიტარებთან დაკავშირებით. იცით, პოზიცია იგივე მაქვს. იმის გულისთვის, რომ 2020 წელს არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით ეჭვი არ იყოს, ვინმემ არ თქვას, რომ თქვენ პოლიტიკური ლიდერი ციხეში გყავდათ და იმიტომ გაიმარჯვეთ, იმიტომ ვთვლი, რომ ჩვენი ქვეყნისთვის უკეთესი იქნება, მათ შორის უმრავლესობისთვის, თუ ე.წ. პოლიტპატიმრები შეწყალებულნი იქნებიან პრეზიდენტის მიერ. სხვა ვერავინ ვერ გააკეთებს ამას და ეს იქნება დარტყმა პოლიტიკურ პროცესზე,"- განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდი და ოპოზიცია 8 მარტს მიღწეული შეთანხმების დეტალებზე ვერ თანხმდებიან. ოპოზიციის განცხადებით, შეთანხმების ნაწილი საარჩევნო სისტემის შეცვლასთან ერთად, იმ პოლიტიკოსების გათავისუფლებაც იყო, რომელსაც ისინი პოლიტპატიმრებად მოიაზრებენ, "ქართული ოცნება" კი შეთანხმების ამ ნაწილს კატეგორიულად უარყოფს.