18 ნოემბერი 2024,   19:47
ვრცლად
ოპოზიციური პარტიები აჭარის ტელევიზიაში პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობენ და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავენ 

ოპოზიციური პარტიები "აჭარის ტელევიზიაში" პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობენ და საერთაშორისო ორგანიზაციებს რეაგირებისკენ მოუწოდებენ. მაუწყებლის შენობასთან ცოტა ხნის წინ ოპოზიციამ ერთობლივი განცხადება გააკეთა. მათი შეფასებით, "აჭარის ტელევიზიაში" მიმდინარე პროცესები ანტიდემოკრატიულია და ხელისუფლების მხრიდან თავისუფალი სიტყვის მიზანმიმართული დევნა ხორციელდება. 

"ქართული ოცნების" ხელისუფლება აგრძელებს ბრძოლას აჭარის ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობის წინააღმდეგ. დირექცია ჟურნალისტებს ათავისუფლებს დაუსაბუთებლად. როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილმა აჭარის ტელევიზიის მისაკუთრება გადაწყვიტა,"- აცხადებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გია აბულაძე.

ტელევიზიის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე კოხრეიძის დანიშვნას, მურმან დუმბაძე, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას უკავშირებს.

"დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს კადრი ბიძინა ივანიშვილის ფავორიტია. სხვა შემთხვევაში გენერალური დირექტორის თანამდებობას კოხრეიძე ისე ვერ დაიკავებდა. გარწმუნებთ, რომ მოცემული სასამართლოს პირობებში კოხრეიძის შეცვლა შეუძლებელია,"- აღნიშნავს პარტია "ემსახურე საქართველოს" დამფუძნებელი მურმან დუმბაძე.

მაუწყებლის მენეჯმენტი კი, ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს. საკადრო სამსახურის უფროსის თქმით, გათავისუფლებული ჟურნალისტების მიმართ ყველა პროცედურა კანონის სრული დაცვით განხორციელდა. 

რაც შეეხება მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს, ისინი პოლიტიკოსებს მოუწოდებენ, რომ ტელევიზიის საქმიანობაში არ ჩაერიონ. 

"მაუწყებელი გახსნილია და ნებისმიერ ინფორმაციას კონკრეტულ პირებთან დაკავშირებით, მოგაწვდით. მათი ბრალდება დაუსაბუთებელია. ერთი ფაქტი მაინც თქვან იმისა, რომ კონკრეტული პირი, კონკრეტული რამის გამო იყო გათავისუფლებული. ეს იყო კანონიერი და სამართლიანი გადაწყვეტილება"- განაცხადა აჭარის საზოგადოებრივი ტელევიზიის საკადრო სამსახურის უფროსმა ემზარ პაქსაძემ.


 

დღის ამბები