COVID-19-მა ბევრი ადამიანის გეგმა, სასწავლო პროგრამა თუ სამუშაო განრიგი შეცვალა. მათ შორის იმ პროფესიონალებისაც, რომლებიც ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პოლიტიკური მენეჯმენტის სკოლაში სწავლობდნენ.
პროგრამის მონაწილეები ერთთვიანი დატვირთული სასწავლო რეჟიმის შემდეგ, როგორც წესი, შერჩეულ ქვეყანაში 1 კვირის გასატარებლად და შეხვედრებისთვის მიემგზავრებოდნენ.
პანდემიის გამო, სტუდენტებმა საქართველოს "პოლიტიკურ სივრცეში მოგზაურობა" მხოლოდ ვირტუალურად შეძლეს.
"ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით შედგა "სექტორი 3-ისა" და ფონდი "პროდემოსის" ერთობლივი პარტნიორობით. მაღალი კვალიფიკაციის მქონე მკვლევარებმა, რომლებიც პროექტში ჩაერთვნენ, შეისწავლეს საქართველოს შესახებ ყველაფერი. საუბარი იყო ეკონომიკაზე, დემოკრატიაზე და სამოქალაქო სექტორის განვითარებაზე. პროგრამა დაგეგმილი იყო, როგორც ვიზიტი, მაგრამ პანდემიის გამო, სტუდენტებმა საქართველოს "პოლიტიკურ სივრცეში მოგზაურობა" მხოლოდ ვირტუალურად შეძლეს,"- აღნიშნა "სექტორი 3"-ის თავმჯდომარემ, "განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის" აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთევან ჩაჩავამ.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით კი, მას საშუალება მიეცა ვაშინგტონის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საქართველოს ტურისტული პოტენციალი წარმედგინა.
"სექტორი 3-ისა" და ფონდი "პროდემოსის" საშუალებით, გვქონდა შესაძლებლობა გვესაუბრა ვაშინგტონის უნივერსიტეტის სტუდენტებთან. მომეცა საშუალება მათთვის საქართველოს ტურისტული პოტენციალი წარმედგინა, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში, როდესაც საქართველო ერთ-ერთ უსაფრთხო მიმართულებად დაპოზიციონირდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით,"- განაცხადა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.