საქართველოს წითელი ზონა - ბოლნისი კვლავ რჩება ყველაზე მეტად ინფიცირებულ რეგიონად. სრულად ჩაკეტილია ორი სოფელი გეტა და მუშევანი. მუნიციპალიტეტში 17 ახალი შემთხვევაა, მათი კონტაქტები კი უკვე 80-ს აღწევს.
მუშევანი სწორედ ის სოფელია, სადაც რამდენიმე კვირის წინ პოლიციას და ექიმებს წინააღმდეგობა გაუწიეს. იყო ქვების სროლაც. დღეს მათ უკვე მკაცრ კარანტინში და იზოლაციაში ცხოვრება უწევთ.
ორივე სოფელში დილიდან შესულია შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს ძალები, მიმდინარეობს თერმოსკრინინგი, აღებულია ახალი სინჯები.
თუ მოსახლეობა არ დაიცავს კარანტინის წესებს, შესაძლოა მუნიციპალიტეტი კორონავირუსის ახალი აფეთქების წინაშე დადგეს.
სულ ბოლნისის მუნიციპალიტეტში 139 დადასტურებული შემთხვევაა. მთელი ქვეყნის მასშტაბით 12 გარდაცვლილიდან 3, სწორედ ბოლნისის კლასტერზე მოდის.
სასწრაფო დახმარების ბრიგადები სოფელ მუშევანში დილით გამოჩნდნენ. მედიკოსებმა COVID-19-ით ინფიცირებული 9 ადამიანი სხვადასხვა პროფილურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. გვიან ღამით ახალი ვირუსით ინფიცირებული 8 ადამიანი გამოვლინდა სოფელ გეტაში. სწორედ 17 ახალი შემთხვევა გახდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორი სოფლის ჩაკეტვის მთავარი მიზეზი.
სიტუაციას, როგორც შესასვლელში, ისე უშუალოდ სოფელში შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების შენაერთები აკონტროლებენ. აკრძალულია ნებისმიერი სახის გადაადგილება. ძალოვნები მოსახლეობას მოუწოდებენ, თავი შეიკავონ შეკრებებისგან, დაიცვან დისტანცია და თვითიზოლაციის წესები.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის თვითიზოლაციაში 78, ხოლო საკარანტინო პირობებში 69 ადამიანი იმყოფება. როგორც მუშევანში, ისე გეტაში დაგეგმილია თერმოსკრინინგის მესამე ეტაპის ჩატარება. ამასთან ერთად დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები ახალი ვირუსის უკონტროლო გავრცელების შესაჩერებლად ე.წ. აგრესიულ ტესტირებას ჩაატარებენ.
ბოლნისში შექმნილი მდგომარეობის მიუხედევად მარნეულის გახსნის თარიღი არ გადაიწევს და მუნიციპალიტეტში შესვლა 18 მაისიდან ნებადართული გახდება. რაც შეეხება ბოლნისს, ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჩაკეტილი დარჩება.
ბოლნისი მარნეულთან ერთად 23 მარტს ჩაიკეტა. სწორედ სოფელი მუშევანი იყო, სადაც ადგილობრივები სამართალდამცველებსა და სასწრაფო დახმარების ჯგუფს დაუპირისპირდნენ და COVID-19-ით ინფიცირებულების კლინიკაში გადაყვანას აპროტესტებდნენ.
სოფელში დარწმუნებულები არიან, რომ კორონავირუსი არ არსებობს. შესაბამისად სამართალდამცველები 24 საათიან რეჟიმში პატრულირებენ თვითიზოლაციის წესების დარღვევის და 3-ზე მეტი ადამიანის შეკრების ფაქტების აღსაკვეთად.