იტალია შეიძლება უკვე მეორე ქვეყანა გახდეს, რომელიც ევროკავშირს დატოვებს. ყოველ შემთხვევაში რომი ასე იმუქრება.
განხეთქილების მიზეზი ე.წ. მწვანე დერეფნებია. იტალიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, თუ მწვანე დერეფნების ინიციატივა ძალაში შევა, ქვეყანა ევროკავშირიდან გავა.
ტურიზმის მწვანე დერეფანი იმ ქვეყნებს, რომელთაც კორონავირუსის შემთხვევების დაბალი მაჩვენებელი აქვთ, საზღვრების გახსნის საშუალებას აძლევს. იტალია კი, მთელი ზაფხული დაკეტილი იქნება.
პანდემიის გამო, იტალია წლის ბოლოსთვის მარტო ტურისტულ სექტორში 120 მილიარდი ევროს დანაკარგი ექნება.
იტალია ე.წ. მწვანე დერეფნების ინიციატივას აპროტესტებს.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ჯუზეპე კონტეს განცხადებით, ინიციატივის ძალაში შესვლის შემთხვევაში იტალია ევროკავშირს დატოვებს. ე.წ. მწვანე დერეფნები კორონავირუსის ნაკლები შემთხვევების მქონე ზოგიერთ ქვეყანას შორის ტურიზმის აღდგენას გულისხმობს. იტალიის პრემიერი მიიჩნევს, რომ ინიციატივა ევროკავშირის ერთიანი ბაზრის განადგურებას ნიშნავს.
იტალიის მსგავსად ეკონომიკის აღდგენას შეზღუდვების მოხსნით ცდილობს ამერიკის შეერთებული შტატებიც, სადაც ამ დრომდე ინფიცირების თითქმის მილიონ ნახევარი შემთხვევაა დაფიქსირებული. ამერიკის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი ენტონი ფაუჩი აკრძალვების მოხსნის დროს გაუფრთხილებლობის გამოჩენის შემთხვევაში კორონავირუსის მეორე ტალღას არ გამორიცხავს.
კორონავირუსის მეორე ტალღაზე საუბრობენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაშიც. ორგანიზაციის წარმომადგენელი მარია ვან კერხოვე აკრძალვების მოხსნის დროს სახელმწიფოებს სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს.
სიფრთხილეს იჩენენ, თუმცა ერთმანეთთან საზღვრებს ხსნიან ბალტიის ქვეყნები. დღეიდან ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის მოქალაქეებს შეეძლებათ შეზღუდვების გარეშე იმოგზაურონ, ხოლო ევროკავშირის სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს სამივე სახელმწიფოში ჩასვლისას ორკვირიანი კარანტინის გავლა მოუწევთ. სამივე ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 150-ს არ აღემატება.
კორონავირუსის პანდემიამ სერიოზული ზიანი ჯანდაცვის გარდა ეკონომიკის სფეროსაც მიაყენა. აზიის განვითარების ბანკის განცხადებით, მსოფლიო ზარალმა შესაძლოა 8.8 ტრილიონ ამერიკულ დოლარს მიაღწიოს. კრიზისის პირობებში კი, მსოფლიოში შესაძლოა 242 მილიონი ადამიანი უმუშევარი დარჩეს.