18 ნოემბერი 2024,   19:28
ვრცლად
ვირუსის სრულ კონტროლზე ასაყვანად მსოფლიოს 5 წელი დასჭირდება - რა რეკომენდაციებს აძლევს ჯანმო სახელმწიფოებს

მსოფლიო პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები ეტაპობრივად იხსნება, თუმცა ეპიდაფეთქების რისკები მაღალია. ნიღბის ტარება, პირადი ჰიგიენის დაცვა და სოციალური დისტანცირება მთავარ რეკომენდაციებად რჩება. ქვეყანაში კი ეპიდსიტუაციას კვლავ მოქალაქეების პირადი პასუხისმგებლობა განსაზღვრავს.

ვიხსნებით, მაგრამ შესაძლოა ისევ ჩავიკეტოთ. შეზღუდვების მოხსნა არ ნიშნავს COVID-19-ის გარეშე ცხოვრებას. მსოფლიოს ამ დროისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგოდ არც მედიკამენტი აქვს და არც ვაქცინა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კი აცხადებს, რომ ვირუსის სრულ კონტროლზე ასაყვანად მსოფლიოს 5 წელი დასჭირდება.

ორგანიზაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ პრევენციული ზომების გაუქმებამდე, ხელისუფლების წარმომადგენლებს ორი მიმართულებით უნდა ჰქონდეთ პასუხები - რამდენად შეუძლიათ ეპიდემიის კონტროლი და რამდენად არის ჯანდაცვის სისტემა მზად, გაუმკლავდეს ახალ შემთხვევებს.

ეპიდემია გამოვლილი მსოფლიოს ქვეყნები, საზღვრებს ნელ-ნელა ხსნიან. გერმანიაში ზომების შემსუბუქება ნაადრევი აღმოჩნდა და ინფიცირებულების რაოდენობა მოულოდნელად გაზარდა. მოგვიანებით კი, ხელისუფლებამ ზომები ისევ გაამკაცრა.

სპეციალისტების შეფასებით, საქართველოს ეპიდემიოლოგიური სურათი ხელისუფლებას შესაძლებლობას აძლევს, ეტაპობრივად მოხსნას რეგულაციები, თუმცა სიფრთხილეც საჭიროა. თუ მოქალაქეები რეკომენდაციებს შესაბამისად არ დაიცავენ, შესაძლოა სცენარი შეიცვალოს და ეპიდაფეთქების ახალი ტალღა მივიღოთ.

საქართველოში ექვს ეტაპიან გეგმას მიყვებიან და შეზღუდვებს ორკვირიანი შუალედით ხსნიან. უკვე გადაწყვეტილია, რომ 22 მაისს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გაუქმდება, მაგრამ საფრთხეებთან ერთად, არაერთი შეზღუდვა კვლავ ძალაში რჩება.


დღის ამბები