შეზღუდვების მოხსნასთან ერთად, სტილისტი ფიქრია ჭანტურია, როგორც თვითდასაქმებული, ერთჯერად 300 ლარიან კომპენსაციასაც ელოდება. COVID-19-ის გამო დაწესებული რეგულაციების გათვალისწინებით, თვენახევრის წინ ყოველდღიური შემოსავალი დაკარგა. ამბობს, რომ თანხა, რომელსაც სამსახურის დაწყებამდე კომპენსაციის სახით მიიღებს საკმარისი არ არის, თუმცა მისთვის მნიშვნელოვანია.
ოფიციალური მონაცემებით, შემოსავლების სამსახურში 166 ათასი თვითდასაქმებულია რეგისტრირებული. იმისათვის, რომ 300 ლარიანი ერთჯერადი კომპენსაცია მიიღონ, მათ არ სჭირდებათ შემოსავლების დამატებითი დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. ერთადერთი, რაც ამ თვითდასაქმებულებს ევალებათ, ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე სპეციალური განაცხადის შევსებაა, სადაც პირად მონაცემებსა და საბანკო რეკვიზიტებს მიუთითებენ. ამ პროცედურის გავლის შემდეგ, მათ კომპენსაცია 10 დღის ვადაში ჩაერიცხებათ.
შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებული თვითდასაქმებულები 5 კატეგორიად იყოფიან. ამ ჯგუფებში შედიან მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირები, მეწარმე ფიზიკური პირები, რომლებიც ახორციელებენ ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ საქმიანობას, მიკრობიზნესის მქონე პირები და ინდ-მეწარმეები.
შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებული თვით დასაქმებულების მსგავსად, არარეგისტრირებულებისთვისაც სავალდებულოა ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე სპეციალურ პორტალზე განაცხადის შევსება. მოთხოვა იდენტურია: პირადი მონაცემები და საბანკო რეკვიზიტები. თუმცა შემოსავლების სამსახურში აღრიცხული თვითდასაქმებულებისგან განსხვავებით, არარეგისტრირებულმა უნდა დაადასტურონ, რომ ისინი 2020 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკურ საქმიანობას ეწეოდნენ და ამის სანაცვლოდ შემოსავალს იღებდნენ.
არარეგისტრირებული თვითდასაქმებულების საკითხს, დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოში არსებული სამუშაო ჯგუფი განიხილავს, კომპენსაციის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას კი, უწყებათაშორისი კომისია მიიღებს. თანხა ბენეფიციარებს გადაწყვეტილების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ჩაერიცხებათ.
დალი კბილაშვილისთვის შემოსავლის მთავარი წყარო უკვე წლებია მაკლერობაა. თითქმის ორი თვეა ვეღარ მუშაობს. კომპენსაცია სჭირდება, თუმცა დარწმუნებულია, რომ ვერ მიიღებს. მიზეზი, მისი განმარტებით, შემოსავლების დამადასტურებელი დოკუმენტია.
განსხვავებული ისტორია აქვთ გიდებს. დიდი ხნის განმავლობაში სადავო იყო მათი საკითხი. გიდების უმრავლესობა თვითდასაქმებული იყო და ვერ ახერხებდა საკუთარი შემოსავლების დადასტურებას. თუმცა, როგორც ამ პროფესიაში დასაქმებულები განმარტავენ, სურათი შეიცვალა და ისინიც გახდნენ ერთჯერადი კომპენსაციის ბენეფიციარები.
თვითდასაქმებულებს ჯანდაცვის ვებგვერდზე რეგისტრაციის გავლა უკვე შეუძლიათ. პროცესი, რომელიც გუშინ დაიწყო 1 ივლისამდე გაგრძელდება. მათ, ვისაც არ აქვთ წვდომა ინტერნეტთან, რეგისტრაციისთვის შეუძლიათ მიმართონ დასაქმების სააგენტოსა ან სოც მომსახურების სერვის ცენტრებს.