საქართველოს მოქალაქე ცეზარ ტოხოსაშვილი, იგივე ალ-ბარა შიშანი, რომელიც ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა, უკვე საქართველოშია. საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მისი ექსტრადირება უკრაინიდან განხორციელდა.
სუს-ის ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას და მონაწილეობას გულისხმობს. სასჯელის სახით კი 15 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ტოხოსაშვილი კიევში 2019 წლის 12 ნოემბერს დააკავა.
„კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ცეზარ ტოხოსაშვილი საქართველოდან სირიის არაბთა რესპუბლიკაში გაემგზავრა და 2015 წლიდან ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში გაწევრიანდა, სადაც აქტიურად მონაწილეობდა ტერორისტულ საქმიანობაში. მას ახლო ურთიერთობა აკავშირებდა ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერებთან: თარხან ბათირაშვილთან, ისლამ ატაბიევთან და ახმედ ჩატაევთან. მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე ცეზარ ტოხოსაშვილი, დაუსწრებლად იქნა მიცემული პასუხისგებაში და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ცეზარ ტოხოსაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმე, არსებითად განსახილველად გადაგზავნილია თბილისის საქალაქო სასამართლოში,"- ნათქვამია სუსის განცხადებაში.