"თბილისი პრაიდის" ერთ-ერთი ორგანიზატორი, გიორგი თაბაგარი თბილისის მერიის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, დღეს ანძა არა ლგბტ სიმბოლიკის ფერებში, არამედ თურქმენეთის დროშის ფერებში განათდება.
როგორც თაბაგარმა აღნიშნა, მერიას შეეძლო, დღეს მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილი გაეგზავნა მოსახლეობისთვის, რათა ლგბტ+ თემის მიმღებლობა გაზრდილიყო ქვეყანაში.
"ძალიან სამწუხაროა ეს გადაწყვეტილება. რაღაც აბსურდული დღე გამოიგონეს. 18 მაისს არის თურქმენეთის ეროვნული დღე. დღეს შეეძლოთ ნორვეგიის კონსტიტუციის დღე მაინც ეთქვათ და არა ეს გამოგონილი დღე.
მათ გაუშვეს ხელიდან შესაძლებლობა, რომ მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილი გაეკეთებინათ ამ ქვეყანაში და ერთი ნაბიჯი გადაედგათ წინ იმისკენ, რომ ქვეყანაში მიმღებლობა გაზრდილიყო," - განაცხადა თაბაგარმა.
ლგბტ+ თემის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები დღეს 18:00 საათისთვის ონლაინ აქციას გამართავენ. ონლაინ ღონისძიებაზე დაახლოებით 15 გამომსვლელი გამოვა, სადაც ისინი წლების განმავლობაში დაგროვილ პრობლემებზე ისაუბრებენ. საუბარი იქნება, ასევე, მიმდინარე პრობლემებზე და სამომავლო გეგმებზეც.
წელს პირვეად აღნიშნულ ღონისძიებაში ხელისუფლების წარმომადგენელი ჩაერთვება და ისაუბრებს იმ საკითხებზე, თუ რა ხორციელდება ლგბტ+ თემის საკეთილდღეოდ.