ფოთში ჯავახიშვილის ქუჩაზე მცხოვრები დევნილები მრავალი წელია, ჰაერის დაბინძურებისა და ხმაურის პრობლემას უჩივიან. მათ საცხოვრებელ სახლთან 24 საათიან რეჟიმში სატვირთო ავტომობილები გადაადგილდებიან.
მოსახლეობა ამტკიცებს, რომ ხმაურს იწვევენ სწორედ სატვირთო ავტომობილები, რომლებიც ქუჩაზე ძალიან ხშირად დადიან.
პრობლემის მოსაგვარებლად დევნილებმა "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ადგილობრივ წარმომადგენლობას მიმართეს. გაირკვა, რომ დასახლება ემიჯნება სამეწარმეო ზონას, სადაც რამდენიმე კომპანიაა განთავსებული. მათ შორის შპს "ტრანსფორდის "საკუთრებაში არსებული საწარმო, რომელთანაც კავშირი აქვს ფოთის მერსა და საკრებულოს წევრ აპოლონ ბჟალავას. სწორედ შპს "ტრანსფორდი" ფლობს რამდენიმე კომპანიას, სადაც ფოთის მერს, გოჩა კურდღელიას, წილები აქვს, ხოლო აპოლონ ბჟალავა შპს ტრანსპორტის დირექტორია.
ფოთის მერიამ პრობლემის მოსაგვარებლად ქუჩაზე საგზაო ნიშნების დამონტაჟება სცადა, თუმცა უშედეგოდ, პრობლემა მოუგვარებელი დარჩა.
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ჯავახიშვილის ქუჩაზე არსებული ვითარება ერთჯერადად გასულ წელს შეისწავლა. კვლევის მიხედვით დადგინდა, რომ ჯავახიშვილის ქუჩაზე დასახლებულ ადგილას ჰაერში მტვრის ნაწილაკები, ნახშირბადის მონოქსიდის, აზოტის დიოქსიდისა და მეტალების შემცველობა იყო. მტვრის რაოდენობა ნორმებს აღემატებოდა, ცალკეულ სინჯებში კი დიდი ოდენობით იყო მანგანუმი.
კვლევის მიხედვით, დევნილთა სამინისტროს არასამთავრობო ორგანიზაციამ მიმართა და მომხდარის შესახებ უამბო. უწყების ინფორმაციით, ჯავახიშვილის ქუჩაზე დევნილები დროებით ცხოვრობენ და 2012 წლიდან მათთვის ბინების დაკანონების პროცესი დაწყებულია. ფოთის სამეწარმეო ზონის გვერდით მდებარე დასახლებიდან 83 ოჯახი უკვე საცხოვრებელი ფართით დააკმაყოფილეს.