საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად დღეს კიდევ ერთი ავიარეისი განხორციელდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, დღეს შესრულდა ჩარტერული რეისი ლარნაკა-თბილისის მიმართულებით. მგზავრთა შორის იყვნენ მცირეწლოვნები და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოქალაქეები.
18 მაისის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 20,880 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში მთავრობის ხელშეწყობით 11,880 მოქალაქე დაბრუნდა.
"რეისი, რომელსაც ახორციელებს "ჯორჯიან ეარვეისი", საქართველოში 100-მდე მოქალაქეს დააბრუნებს. მგზავრთა შორის არიან არასრულწლოვნები, მძიმე ქრონიკული დაავადებები მქონე პირები, ასევე რეისით მოხდება კვიპროსში გარდაცვლილი თანამემამულის ცხედრის ჩამოსვენება. მგზავრები საქართველოში დაბრუნებისას 14 დღიან საკარანტინო პერიოდს გაივლიან. გრძელდება საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების შესრულება, უახლოეს მომავალში განხორციელდება რეისები 20 მაისს ათენიდან, 22 მაისს რომიდან," - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.