სექსუალური შევიწროების კანონის ამოქმედებიდან ერთი წლის თავზე, საჯარო უწყებებში სექსუალურ შევიწროებაზე რეაგირების მექანიზმები დაინერგება.
საჯარო უწყებებში სექსუალური შევიწროების გამოვლენის და რეაგირების შიდაორგანიზაციული მექანიზმების დანერგვაზე ადამიანის უფლებების საბჭოს გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის უწყებათაშორისი კომისია იმუშავებს.
საჯარო სამსახურის ბიუროს და მთავრობის ადმინისტრაციის თანათავმჯდომარეობით, საკითხზე მომუშავე ჯგუფის დისტანციური შეხვედრა უკვე გაიმართა. შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლებმა მათი უწყებების მიერ უკვე გატარებულ ღონისძიებებზე და არსებულ გამოცდილებაზე ისაუბრეს.
სამუშაო პროცესის შედეგად შემუშავდება ერთიანი პროტოკოლები და პრინციპები, თუ რა ქმედებები უნდა განახორციელოს საჯარო უწყებამ სექსუალური შევიწროების ფაქტის დაფიქსირების დროს.
2019 წლის მაისიდან სექსუალური შევიწროება საქართველოს კანონმდებლობით დასჯადი გახდა, როგორც საჯარო სივრცეებში, ასევე სამსახურში, სასწავლებელში და სხვა კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში.