მუნიციპალიტეტი, სადაც COVID-19-ის გავრცელების თავიდან ასაცილებლად მკაცრი საკარანტინო ზომები პირველად დაწესდა, დღეიდან ცხოვრების ძველ რიტმს უბრუნდება. გადაადგილებას ქალაქის შესასვლელთან განთავსებული ბლოკსაგუშაგოს დახმარებით ორი ძალოვანი უწყება აკონტროლებდა.
ადამიანების უსაფრთხოების დაცვისა და ეპიდემიის გავრცელების საშიშროების თავიდან ასარიდებლად მარნეულის მიმართულებით გადაადგილება შეუძლებელი თითქმის ორი თვე იყო. ამ დროის განმავლობაში სხვადასხვა ტიპის პრობლემა შეექმნათ როგორც ადგილობრივებს, ისე იმ პირებს, რომლებიც ჩაკეტვის დროს რაიონში იყვნენ და მისი დატოვების საშუალება აღარ მიეცათ.
მარნეულში, ისევე როგორც მთელ ქვეყანაში, საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული ყველა შეზღუდვა მკაცრი საკარანტინო რეჟიმის გაუქმების შემდეგაც მოქმედებს. მათ შორის - კომენდანტის საათი.
დისტანციის დაცვის აუცილებლობის მიუხედავად, ის ადამიანები, რომელთაც გარკვეული სერვისების მისაღებად რიგში დგომა უწევდათ, შეიძლება ითქვას, რომ დღეს რეკომენდაციებს არ იცავდნენ. მათი უმეტესობა სავალდებულო მანძილით დაშორების გარეშე იდგა. ნაწილს არც სახის დამცავი ნიღაბი ეკეთა.
მუნიციპალიტეტში არსებული ეპიდემიური სიტუაციის მიუხედავად, ადგილობრივებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვა არ ჰქონიათ. მოსახლეობამ სახნავ-სათესი სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე დაასრულა.