18 ნოემბერი 2024,   19:41
ვრცლად
არსებობს თუ არა ზუგდიდისა და ბოლნისის კლასტერების გაფართოების საშიშროება - ეპიდემიოლოგების მოლოდინი

სახლი ზუგდიდში, სადაც "კოვიდ-19"-ით ინფიცირებული 43 წლის მამაკაცი ოჯახთან ერთად ცხოვრობს, ახლა ცარიელია. ყველა მათგანი ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობს და ექიმების ინფორმაციით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

გაიზრდება თუ არა სატვირთო ავტომობილის მძღოლის კლასტერი, ჯერჯერობით უცნობია.

ზუგდიდში წერეთლის ქუჩა ახლა ცარიელია, სპეციალისტების რეკომენდაციით, აქ მცხოვრები თითქმის ყველა ოჯახი თვითიზოლაციაშია. გავრცელებული ინფორმაციით, მათ ინფიცირებულ მამაკაცთან პირდაპირი კონტაქტი არ ჰქონდათ, თუმცა სტადიონზე მძღოლის შვილები სხვებთან ერთად ფეხბურთს ხშირად თანამშრომლობდნენ. მათ მეზობლებს ინფიცირების თემაზე საუბარი არ სურთ და მედიის შეკითხვებიც აღიზიანებთ.

ეპიდემიოლოგები ვარაუდობენ, რომ ზუგდიდში სატვირთოს მძღოლის კლასტერი გაფართოვდება, მეორე დღეა ქალაქში აქტიური თერმოსკრინინგი მიმდინარეობს.

ოფიციალური ინფორმაციით, 43 წლის მამაკაცის კლასტერში ჯერ 7 პაციენტია, მათ შორისაა დის ქმარიც, სწორედ მას უკავშირდება ჩხოროწყუში 4 პირის კარანტინში და 20-მდე ადგილობრივის თვითიზოლაციაში გადაყვანა. ნათესავი იქ არაერთ ოჯახს სტუმრობდა.

საჭირო გახდება თუ არა ზუგდიდსა და ჩხოროწყუში რეგულაციების გამკაცრება, ამას მომდევნო დღეებში ეპიდსურათი აჩვენებს. ეპიდემიოლოგები კონტაქტებს ამ დრომდე იკვლევენ.

დღის ამბები