18 ნოემბერი 2024,   19:35
ვრცლად
ხალხმრავლობა სილამაზის სალონებში - სალონების ფუნქციონირების სტანდარტი დღეს შეიცვალა

სილამაზის სტანდარტები მუდმივად იცვლება, თუმცა სილამაზის სალონების ფუნქციონირების სტანდარტი დღეს შეიცვალა.

ესთეტიკური სერვისების მიმწოდებელმა ცენტრებმა მომსახურება ახალი რეგლამენტით აღადგინეს. სამუშაო ადგილებზე "კოვიდ 19-ის" გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციების დანერგვა სპეციალისტთა ინსტრუქტაჟით განხორციელდება.

სილამაზის ცენტრების გახსნას მიესალმებიან, თუმცა ახალ შეზღუდვებს არაერთგვაროვნად აფასებენ მომხმარებლები. ისინი უსაფრთხოების მიზნით დაწესებულ ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების დაცვას აუცილებლად მიიჩნევენ. მიუხედავად ამისა, მათი ნაწილი შეზღუდვებით გამოწვეულ დისკომფორტზე აკეთებს აქცენტს.

დღეიდან ამოქმედდა კიდევ ერთი რეგულაცია სამ ადამიანზე მეტის შეკრების შესახებ. ამავდროულად, ძალაში დარჩა შეზღუდვა ათზე მეტი პირის თავყრილობის კომპონენტში. მოსახლეობის ნაწილი ცვლილებას დროულად აფასებს და აკრძალვით შექმნილ დისკომფორტზე საუბრობს.

მიუხედავად სამ პირზე მეტის თავყრილობის დაშვებისა, უცვლელი დარჩა ავტომობილით გადაადგილების წესები. რეგულაციის მიხედვით, კვლავ დაუშვებელია ტრანსპორტში სამ ადამიანზე მეტის ჩასხდომა. მოქალაქეები შეზღუდვის შენარჩუნებას გაუმართლებლად, მიზეზს კი ალოგიკურად მიიჩნევენ.

ავტოსატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებული კიდევ ერთი სიახლე მართვის მოწმობის სერვისების აღდგენას ეხება. დღეიდან შესაძლებელი გახდა მართვის უფლების დოკუმენტის მიღება. ცვლილება მხოლოდ იმ პირებს ეხებათ, ვისაც გამოცდის თეორიული ნაწილი უკვე ჩაბარებული აქვთ და ნებართვის მისაღებად პრაქტიკული კომპონენტის ჩაბარება ესაჭიროებათ.

ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი გაუქმება უკვე დაიწყო. უცნობია, როდის მოიხსნება რეგულაციის მომდევნო კომპონენტი, რომლის ფარგლებშიც ფუნქციონირებას მოლებსა და მიწისქვეშა გადასასვლელებში განთავსებული სალონები აღადგენენ.

ავტორი: სოფო ჭუმბურიძე

დღის ამბები