18 ნოემბერი 2024,   19:31
ვრცლად
მსოფლიო ჩინეთის წინააღმდეგ ერთიანდება - სახელმწიფოები დამოუკიდებელი გამოძიების დაწყების ინიციატივას უერთდებიან  

COVID-19-ისგან დაზარალებული მსოფლიო ჩინეთის წინააღმდეგ ერთიანდება და დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარების ინიციატივას უერთდება. მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების ლიდერებმა საკითხი დღის წესრიგში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რიგით 73-ე ასამბლეაზე დააყენეს. ავსტრალიის მოთხოვნას, რომელიც კორონავირუსის წარმოშობის რეალურ მიზეზებთან დაკავშირებით გამოძიების ჩატარებას ითხოვს, უკვე 122 მხარდამჭერი ჰყავს. 

ლიდერების მოთხოვნას კრიტიკით უპასუხა ოფიციალურმა პეკინმა. ჩინეთის ხელისუფლება საკითხის წამოწევას პოლიტიკურ თავდასხმად აფასებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს ჩინეთის ლიდერმა განაცხადა, რომ პეკინმა მსოფლიოს COVID-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით ინფორმაცია დროულად მიაწოდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 73-ე ასამბლეაზე განცხადება გააკეთა გერმანიის კანცლერმაც. ანგელა მერკელის თქმით, COVID-19-ის დამარცხება მხოლოდ ერთიანი ძალისხმევით არის შესაძლებელი.

გერმანიის კანცლერის პოზიციას იზიარებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელიც, რომელმაც დღეს ღიად განაცხადა, რომ COVID-19-მა მსოფლიო შეცვალა და ქვეყნები ცხოვრების ჩვეულ რიტმს კიდევ დიდხანს ვერ დაუბრუნდებიან.

ასამბლეაზე ევროპელმა ლიდერებმა ვაქცინის ხელმისაწვდომობის საკითხი დღის წესრიგში კიდევ ერთხელ დააყენეს. საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიქმნება, მასზე ყველას თანაბარი წვდომა უნდა ჰქონდეს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ასამბლეაზე სიტყვით ეკატერინე ტიკარაძეც გამოვიდა. მინისტრმა ვირუსის პირობებში საქართველოს წარმატების ძირითად ფაქტორებზე გაამახვილა ყურადღება. საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობასაც.

გაეროს გენერალურმა მდივანმა კი, ასამბლეაზე სახელმწიფოების ნაწილი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების უგულებელყოფაში დაადანაშაულა. ანტონიო გუტიერეშის განცხადებით, იმის გამო, რომ ქვეყნებმა პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში არასაკმარისი ერთიანობა გამოავლინეს, მსოფლიო მძიმე ფასს იხდის.

მსოფლიო მძიმე ფასს იხდის. მსოფლიოს მასშტაბით ამ დროისთვის კორონავირუსის 4, 800, 000-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსს 318 000-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

 

 

დღის ამბები