"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის ნიკა მელიას განცხადებით, გიორგი რურუას გათავისუფლება ბევრად მარტივი მექანიზმით არის შესაძლებელი, ვიდრე ეს უგულავას და ოქრუაშვილის შემთხვევაში მოხდა.
როგორც ნიკა მელიამ "დღის კურიერში" სტუმრობისას აღნიშნა, გიორგი რურუას შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილს ნაკლები ძალისხმევა და პროკურატურაში მხოლოდ ერთი ზარის განხორციელება დასჭირდება.
"გიორგი რურუას შემთხვევაში უფრო მარტივად არის საქმე და ნაკლები ძალისხმევა დასჭირდება ბიძინა ივანიშვილს, ერთი ზარი პროკურატურაში. პროკურატურა დაახლოებით საათნახევარში გააფორმებს საპროცესო შეთანხმებას ან აღმკვეთი ღონისძიების სახეობას შეუცვლის, წინასწარ პატიმრობაში მყოფ გიორგი რურუას, რადგან რურუას წინააღმდეგ არ არის სასჯელი გამამტყუნებელი განაჩენის სახით გამოტანილი და გათავისუფლდება ისიც.
ირაკლი ოქრუაშვილის მეგობარი ბატონი კოშაძე, რომელსაც იარაღი ჩაუდეს და დააკავეს, შემდეგ კი გამოუშვეს, ანალოგიურად გამოუშვებს რურუასაც, ამაში დარწმუნებული ვარ.
ბიძინა ივანიშვილი დააფრთხო საერთაშორისო პროტესტმა და დაინახა სადღაც შორიდან სანქციები, სასწორზე დადო მისი გუნდის ღირსება და მეორე მხარეს მისი ფული, რომელსაც ძალიან უფრთხილდება, რა თქმა უნდა, აირჩია ფული და გაექცა სანქციებს. დარწმუნებული ვარ გამოუშვებს გიორგი რურუას,"- განაცხადა ნიკა მელიამ "დღის კურიერის" ეთერში.