"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა ნიკა მელიამ "დღის კურიერის" ეთერში მოახლოებულ არჩევნებზე ისაუბრა. თუ, რა კონფიგურაციით წარსდგებიან ოპოზიციური პარტიები ამ არჩევნებზე და რა იქნება პრიორიტეტი მათთვის.
"არჩევნებამდე ხუთი თვეა დარჩენილი, რაც არც ცოტაა და არც ბევრი, უფრო ვფიქრობ, რომ ოპტიმალური დროა. თუმცა, არ ვიცით საარჩევნო სისტემა, როგორი იქნება პროპორციები მაჟორიტარების სასარგებლოდ და პირიქით იქნება ეს 30 მაჟორიტარი, თუ 73. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვიწევს ორივე სცენარისთვის მომზადება,"- განაცხადა ნიკა მელიამ.
ნიკა მელია მამუკა მდინარაძის განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც მდინარაძე ოპოზიციონერებზე საუბრობდა და აღნიშნა, რომ სისტემას, რომელსაც ყველაზე მეტად მხარს ოპოზიცია არ უჭერდა, ახლა ყველაზე უკეთ სწორედ ოპოზიციის ლიდერები ერგებიან და მეტიც, შესაძლოა, მდინარაძის განცხადებით მათ 30 ადგილი სულაც არ ეყოთ.
"იმდენმა განაცხადა მაჟორიტარობაზე პრეტენზია, რომ შეიძლება არ ჰყოფნით ახლა 30 ადგილი და სჭირდებათ მეტი მაჟორიტარი იყოს, სოციალურ ქსელშიც იყო პოსტები, ხაზს უსვამდნენ გარემოებას, რომ მაჟორიტარული სისტემას, რომელსაც ასეთი პროტესტი მოჰყვა და რომელსაც ასე ეწინააღმდეგებოდა ოპოზიცია, დღეს ერთ-ერთი მთავარი განხილვის საგანი გახდა და ამ ადგილების გაყოფაზე მიდგა საქმე და 73-ი ადგილი ხომ არ იქნებოდა უფრო მარტივად გასაყოფი პარტიებისთვის,"- მამუკა მდინარაძე.
ნიკა მელიამ აღნიშნა, რომ მისთვის სულაც არ არის ხელსაყრელი მაჟორიტარობა, რადგან ბევრად მეტი საქმე და პასუხისმგებლობაა.
"ჩემთვის სულაც არ არის ხელსაყრელი მაჟორიტარობა, რადგან მეტი შრომა და ძალისხმევა ამისთვის საჭირო. ეს ყველაფერი უბრალოდ ვალდებულებაა ნებისმიერი პოლიტიკური ლიდერისთვის. მე ზუგდიდში ვიქნები მაჟორიტარი თუ სადმე სხვაგან, ჯერ არ არის გადაწყვეტილი. მაჟორიტარი პოლიტიკოსი უნდა იყოს აბა ვინ უნდა იყოს, რატო ხდება ეს განხილვის თემა საერთოდ ვერ ვხვდები. რაც შეეხება შეთანხმბებს ეს ყველაფერი გადანაწილდება საჭიროებისამებრ. "ლელოს" სხვა გამოწვევა აქვს და სხვა სტარტეგიები, თუმცა მათ აქვთ დეკლარილებულად ნათქვამი, რომ რამდენიმე ოლქში ისინი კანდიდატს არ დააყენებენ თუ კონკრეტულ ოლქში იქნებიან ანგარიშგასაწევი კანდიდატები,"- განაცხადა "დღის კურიერის" ეთერში ნიკა მელიამ.
ნიკა მელია არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა "ნაციონალურ მოძრაობას" ერთ ოლქზე ორი კანდიდატის კი ჰყავდეს.