18 ნოემბერი 2024,   19:23
ვრცლად
საგანგებო მდგომარეობის შეზღუდვები საგანგებო მდგომარეობის გარეშე - "ოცნების" ახალი ინიციატივა

პარტია "ქართული ოცნების" ინიციატივით, ქვეყანაში შეზღუდვების დაწესებას მთავრობა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეძლებს. კანონში ცვლილებების პროექტის ინიცირება ბიუროს სხდომაზე მოხდა. 

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგაც ექნება უფლება შეინარჩუნოს რიგი შეზღუდვები, მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეგულირების კუთხით.

"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 22 მაისს ვწყვეტთ საგანგებო მდგომარეობას, მაგრამ ეპიდვითარებიდან გამომდინარე აუცილებელია მინიმალური შეზღუდვების გარკვეული დროით შენარჩუნება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე. ამისათვის აუცილებელია, დაზუსტდეს არსებული კანონმდებლობა, რის მიხედვითაც მთავრობას ექნება უფლებამოსილება, შეინარჩუნოს რიგი შეზღუდვები, მათ შორის საზღვრების ეპიდემიოლოგიური კონტროლი, საკარანტინო სივრცეების მართვა, საჭიროების შემთხვევაში, კლინიკებისა და ლაბორატორიების მობილიზება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეგულირება, პრევენციული ღონისძიებებისთვის აუცილებელი ვალდებულებების შემოღება,"-განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

"ქართული ოცნების" ამ ინიციატივას ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა. "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრი, რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ მსგავსი შეზღუდვების დაწესების უფლება პარლამენტის ნებართვის გარეშე არ უნდა ჰქონდეს.

"რაც კი ჩვენ გვინახავს საგანგებო მდგომარეობის პერიოდში კარანტინი, ადამიანების სახლში გამომწყვდევა, მთელი ეკონომიკის გაჩერება, თავისუფლების შეზღუდვა, თუნდაც შეკრების, გამოხატვის და ა.შ. ყველაფერი ამის გაკეთება შეეძლება მთავრობას პარლამენტის გარეშე. ფაქტობრივად, საპარლამენტო ფილტრი მსგავსი ქმედებებისას უქმდება. ეს დაუშვებელია, ეს შეიძლება მთავრობამ გამოიყენოს ბოროტად, ტუნდაც იგივე პოლიტიკური მიზნით,"-განაცხადა რომან გოცირიძემ.

იმავე აზრზეა "ევროპული საქართველოს" წევრი სერგო რატიანი. მისი განცხადებით, მსგავსი მექანიზმი დემოკრატიულ პრინციპებს ეწინააღმდგება. 

"ნებისმიერი შეზღუდვა, რომელიც მთავრობას მიაჩნია, რომ უნდა დაწესდეს, უნდა შემოვიდეს პარლამენტში და მოითხოვოს ამ კონკრეტული უფლებების მოპოვება და უფლების მიცემა. შესაბამისად, ჩვენ ვერ დავუჭერთ ამ მარტივად რომ ვთქვათ, არადემოკრატიულ პრინციპს და ეს დაუშვებელია მოცემულ შემთხვევაშიც და, ზოგადად, ნებისმიერ შემთხვევაში,"- განაცხადა სერგო რატიანმა.

დღის ამბები