სოფელ სუფსაში მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, 2018 წელს, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მათ კუთვნილი მიწები მიზერულ თანხად, მუქარით დაათმობინა.
საუბარია ქობულეთი-გრიგოლეთის ავტომაგისტრალის მშენებლობის პროცესზე. საპროტესტო აქციის მონაწილეთა თქმით, ამავე ავტობანის მშენებლობისას ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობას, რომელთაც მიწები ამავე ლოტში, 12 კილომეტრიან მონაკვეთში ჰქონდათ, იმავე კატეგორიის და ფუნქციის ნაკვეთებში ბევრად მეტი, 23 ლარიდან 60 ლარამდე გადაუხადეს. ხოლო ერთჯერადი კომპენსაციის სახით კვადრატულ მეტრში სუფსელებმა 80 თეთრი, ხოლო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებმა 23 ლარამდე მიიღეს.
ადგილობრივების განცხადებით, საქმეზე გამოძიება უკვე წელიწადზე მეტია მიმდინარეობს, თუმცა უშედეგოდ. საპროტესტო აქციის მონაწილეები დახმარებას პრემიერ - მინისტრს სთხოვენ და მოითხოვენ განსახლების სამოქმედო გეგმა გასაჯაროვდეს, პროკურატურამ გამოძიების დასკვნა გამოგზავნოს და თანხები შესაბამისად ანაზღაურდეს.