18 ნოემბერი 2024,   19:29
ვრცლად
საქართველო საერთაშორისო ტურისტების მოლოდინში -ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის გეგმა პრემიერმა კახეთში ტურიზმის სექტორს გააცნო

მსოფლიო პანდემიის პირობებში საქართველო საერთაშორისო ტურიზმის აღდგენას იწყებს. ექიმები კოვიდ-19-თან ბრძოლას აგრძელებენ. ამის პარალელურად კი, ტურისტული სექტორი ეკონომიკური კრიზისის დაძლევის გეგმაზე მუშაობს. თუ გასულ წლებში სფეროს წარმომადგენლების მთავარი ამოცანა ტურისტების მოზიდვა იყო - ახლა უკვე მათ მთავარ ამოცანად თანამშრომლებისა და სტუმრების უსაფრთხოების დაცვა იქცა.

ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის გეგმა დღეს პრემიერ-მინისტრმა კახეთის რეგიონში მომუშავე ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს გააცნო. გიორგი გახარიამ სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ერთობლივი და მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული რეგულაციების შესრულება და ტურისტების მისაღებად მზადება ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად რეგიონში უკვე დაწყებულია. კახეთში სასტუმროებთან ერთად საოჯახო ტიპის სახლები მომხმარებლის მიღებისთვის სრულ მზადყოფნას აცხადებენ.

ახალი სამუშაო დღის დადგომისთანავე ქართველი ელჩები ახალი დავალების შესრულებას დაიწყებენ. ქვეყნებს შორის ტურისტული მიმოსვლის აღდგენის საკითხზე მუშაობას დიპლომატები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ხვალიდან დაიწყებენ.

ტურიზმიდან მიღებული ყოველწლიური შემოსავალი ქვეყნის ეკონომიკის დაახლოებით 20 პროცენტს შეადგენს. ანტიკრიზისულ სამოქმედო გეგმას ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს პრემიერ-მინისტრი თავად აცნობს. მსგავსი შეხვედრა ხელისუფლებასა და კერძო სეგმენტს შორის აჭარაში უკვე გაიმართა.

დღის ამბები