18 ნოემბერი 2024,   19:49
ვრცლად
როგორ და რა წესების დაცვით მოხდება პაციენტების თურქეთში გამგზავრება - თურქეთის საელჩო ინფორმაციას ავრცელებს

2020 წლის 20 მაისიდან თურქეთმა ზოგიერთი ქვეყნიდან პაციენტების სამკურნალოდ მიღება დაიწყო. ამ ქვეყნებს შორის არის საქართველოც. იმის შესახებ, თუ როგორ და რა წესების დაცვით მოხდება პაციენტების თურქეთში გამგზავრება, დაწვრილებით ინფორმაციას თურქეთის საელჩო ავრცელებს:

"პაციენტების მიღება მოხდება შემდეგ დარგებში: ორთოპედია, ტრავმატოლოგია, ზოგადი ქირურგია, გულისა და სისხლძარღვების ქირურგია, ქირურგიული ონკოლოგია, ქიმიოთერაპია, რადიაციული ონკოლოგია, ნეიროქირურგია და ასევე ორგანოებისა და ძვლის ტვინის გადანერგვა.

ერთ პაციენტთან ერთად ქვეყანაში დაიშვება მხოლოდ ორი თანმხლები პირი. პაციენტებს თურქეთში შესვლა შეუძლიათ სტამბოლისა და ანკარის ესენბოღას აეროპორტებიდან და ასევე, ქაფიქულესა და სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტებიდან.

პაციენტებსა და მათ თანმხლებ პირებს, შესაბამისი საფასურის გადახდით, აეროპორტებსა და საბაჟო გამშვებ პუნქტებში ჩაუტარდებათ COVID-19 PCR კვლევა ან აიღება ნიმუში PCR-სთვის.

დანართში წარმოდგენილია წესები, რომელიც პაციენტებმა და მისმა თანმხლებმა პირებმა უნდა დაიცვან.

საქართველოს ოფიციალურ უწყებებს მიეწოდათ ინფორმაცია მიღებულ ზომებთან დაკავშირებით.

ზომები, რომელიც მიღებული იქნება საერთაშორისო სამედიცინო ტურიზმის ფარგლებში ქვეყანაში შემოსულ პაციენტებთან და მათ თანმხლებ პირებთან დაკავშირებით:

1. გამომგზავრებამდე:

თუ თავიანთ ქვეყანაში ამის გაკეთება შესაძლებელია, პაციენტმა და მისმა თანმხლებმა პირმა თურქეთში გამგზავრებამდე 48 საათის განმავლობაში უნდა გაიკეთოს COVID-19 PCR ტესტი და აიღოს უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი ცნობა

2. მგზავრობისას:

1) ზომები, რომელიც მიიღება საჰაერო გზით ჩამომსვლელი პირების მიმართ

ა) თვითმფრინავში ჩასხდომის უფლება არ მიეცემათ პირებს, რომლებსაც ჩასხდომის დროს გამოუვლინდებათ COVID-19 კლინიკური ნიშნები (ხველება, სიცხე და ა.შ.)

ბ) თუ თავიანთ ქვეყანაში ამის გაკეთება შესაძლებელია, მგზავრებმა თან უნდა იქონიონ თურქეთში გამგზავრებამდე 48 საათის განმავლობაში გაკეთებული COVID-19 PCR ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი ცნობა

გ) თვითმფრინავში ჩასხდომის მომენტიდან უნდა იყოს უზრუნველყოფილი, რომ ყველა მგზავრს მთელი მგზავრობის მანძილზე ეკეთოს ნიღაბი. ასევე მგზავრებს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია, რომ შეიცვალონ ნიღბები მათი დანამიანებისას. ყველა შემთხვევაში, სამ საათში ერთხელ უნდა მოხდეს ნიღბის შეცვლა, ახალი ნიღბის გაკეთებისას კი ხელების დამუშავება ანტისეპტიკური ხსნარით.

დ) თვითმფრინავში სამ-სამ სავარძლიანი რიგების არსებობის შემთხვევაში შუა სავარძლის გამოტოვება მოხდება და მგზავრები გადანაწილდებიან ერთმანეთის უკან ორ-ორი. ხოლო თუ თვითმფრინავში არის ორ-ორ სავარძლიანი რიგები, მხოლოდ ერთ სავარძელზე განთავსდება მგზავრი, ხოლო უკანა რიგის მგზავრის განთავსება მოხდება ჭადრაკულად.

ე) თვითმფრინავის ბოლო ორი რიგი უნდა დარჩეს ცარიელი იმ მგზავრებისათვის, რომლებიც ვერ იკეთებენ ნიღბებს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ან ვისაც მგზავრობის დროს აღმოაჩნდება დაავადების ნიშნები.

ვ) უკანა სავარძელზე განთავსებულ უნიღბო მგზავრებს შორის მანძილი უნდა იყოს სულ მცირე 1 მეტრი

ზ) ეკიპაჟის წევრებს უნდა ეკეთოთ სამედიცინო ნიღბები, რომელთა შეცვლაც უნდა მოხდეს ყოველ სამ საათში ერთხელ ან დანამიანების შემთხვევაში. ახალი ნიღბის გაკეთებისას კი ხელების დამუშავება უნდა მოხდეს ანტისეპტიკური ხსნარით.

თ) რეკომენდირებულია, არ მოხდეს საკვებითა და სასმელით გამასპინძლება, თუ მგზავრობის ხანგრძლივობა 4 საათზე ნაკლებია.

ი) ოთხ საათზე მეტი დროით მგზავრობისას, საკვებისა და სასმელის მიწოდება უნდა მოხდეს ისეთი ფორმით, რომ ერთ მეტრზე ახლოს მსხდომმა მგზავრებმა ერთდროულად არ მოიხსნან ნიღბები.

კ) თვითმფრინავში თითოეულ მგზავრისთვის უნდა იყოს კომპლექტი, რომელშიც იდება სულ მცირე სამი სამედიცინო ნიღაბი და ხელის ანტისეპტიკური ხსნარი. ასევე თვითმფრინავის ტუალეტებშიც უნდა იდოს ხელის ანტისეპტიკური ხსნარი"- ნათქვამია დიპლომატიური უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები