პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საქართველოს პარლამენტის წევრთა კითხვებს მომავალ კვირაში უპასუხებს. როგორ აპირებს მთავრობა ეკონომიკის ამუშავებას პანდემიის პირობებში და რა ნაბიჯების გადადგმა იგეგმება ჰუმანიტარული კრიზისის დასაძლევად - ოპოზიცია სწორედ ამ საკითხებით ინტერესდება.
"ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ მთავრობის შემოთავაზებული ანტიკრიზისული გეგმა ქვეყნის ეკონომიკურ გამოწვევებს ვერ პასუხობს და პრემიერთან კითხვებიც ამ მიმართულებით ექნება.
"პრემიერ-მინისტრთან კითხვები გვაქვს, ძირითადად, ეკონომიკური კრიზისის დაძლევის გეგმასთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ აქამდე ინიცირებული იდეები არ პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელიც ამ მძიმე სიტუაციაში აქვს ქვეყანას ეკონომიკური კრიზისის კონტექსტში. არ აკეთებენ საპენსიო დაგროვებითი გადასახადის გაუქმებას და ამის მოსახლეობისთვის დაბრუნებას, არ ამცირებენ, ზოგადად გადასახადებს,"- განაცხადა სერგი კაპანაძემ.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი ფიქრობს, რომ მოსახლეობისთვის საინტერესო იქნება იმის ცოდნა, თუ როგორ დაიხარჯა კრიზისის დასაძლევად გამოყოფილი თანხები და კითხვების დასმასაც ამ საკითხზე აპირებს.
"ჩვენო მოქალაქეებისთვის, რომლებსაც დღემდე არ მიუღიათ არცერთი თეთრი სახელმწიფოსგან, ძალიან საინტერესო იქნება მოისმინოს ბატონი გახარიას დეტალური გეგმები და ანგარიში სად წავიდა და როგორ დაიხარჯა ის სახსრები რომელსაც ის პირდებოდა საკუთარ მოქალაქეებს სწორედ მოქალაქეების დახმარებისთვის,"- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე კი აცხადებს, რომ მთავრობის სტილი არა მართვა, არამედ "შეკეტვაა".
"როდესაც საუბარია იმაზე, რომ არის არა მართვა, არამედ შეკეტვა და მხოლოდ ეს არის მთავრობის სტილი. არ ვგულისხმობ იმ ეპიდემიოლოგებს და ექიმებს, რომლებმაც თავისი როლი ნამდვილად შეასრულეს 10-დან 11 ქულაზე. მთავრობა, ძირითადად, არის ამოაფარებული ექიმების კალთას და იქიდან ცდილობს თავი მოგვაწონოს,"-განაცხადა ლევან კობერიძემ.
შეგახსენებთ, რომ პრემიერი პარლამენტში კითხვებზე საპასუხოდ 27 მაისს საკუთარი სურვილით მიდის, მას საკანონმდებლო ორგანოში 29 მაისს ინტერპელაციის წესითაც მოუწევს მისვლა. გიორგი გახარიას პარლამენტში კანონმდებლებთაშნ შეხვედრა კიდევ ერთი ვიზიტის ფარგლებში, ივნისში, რეგლამენტით მოუწევს.