საპატრიარქოსთვის ტყის გადაცემის კანონპროექტის წინააღმდეგ პეტიცია შეიქმნა. ავტორები ფიქრობენ, რომ ინიციატივა დამატებით ქონებრივ და ფინანსურ პრივილეგიებს ანიჭებს დომინანტ რელიგიურ ორგანიზაციას.
სასულიერო პირების ნაწილი ფიქრობს, თუ ეს კანონი ძალაში შევა, ამის შემდეგ ეკლესიების წინამძღვრები გადაწყვეტენ, სურთ თუ არა ახალი ტერიტორიების შეძენა.
ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზის თქმით, ტყის ეკლესიისთვის გადაცემა მის შენარჩუნებას ნიშნავს. მისივე განმარტებით, იქ შესვლა არავის აეკრძალება.
"ტყის გასხვისება და გაჩუქება ერთადერთი იმას შეიძლება გულისხმობდეს, რომ ვინმემ გასაჩეხად მოინდომოს. მე პირობას გაძლევთ, რომ არცერთი სასულიერი პირი და არცერთი ეკლესია ტყეს არ გაჩეხავს და არ გაყიდის. თუკი ტყე მთლიანად გადაეცემა ეკლესიას, ეს იმას ნიშნავს, რომ ის შენარჩუნდება და იქ შესვლაც არავის აეკრძალება. წინასაარჩევნოდ თუ ვინმეს უნდა ადამიანების გული მოიგოს, რაღაც ისეთი უნდა აჩუქოს, რასაც გამოიყენებს, ტყე რაში უნდა გამოიყენო იმის გარდა რომ არ გააჩეხინო ვინმეს,"- განაცხადა ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი).
აღსანიშნავია, რომ ტყის კოდექსსა და სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი პარლამენტმა 2019 წლის ოქტომბერში დაუჭირა. თუ კანონი ამოქმედდება, ეკლესიას ექნება ვალდებულება იზრუნოს მისაკუთერებულ ტერიტორიაზე ხე-მცენარეების განაშენიანებასა და მოვლაზე. კოდექსს "ქართული ოცნებისა" და "პატრიოტთა ალიანსის" მხარდაჭერა აქვს.