საქართველოში ამ დრომდე ცხელ წერტილად ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორი სოფელი მიიჩნევა. ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული თითქმის 50 ათასი PCR ტესტის შედეგად, ირკვევა რომ ყველაზე მეტი რისკი სოფელ მუშევანსა და გეტაშია.
სპეციალისტების აზრით, ბოლნისის სოფლებში ეპიდაფეთქება მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ არ იყო დაცული რეკომენდაციები. ამ პრაქტიკის გათვალისწინებით და სხვა ადგილებზე რისკების შესამცირებლად, შემუშავდება ახალი რეკომენდაციები. შესაძლოა, მომავალში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების დროს, მგზავრების რაოდენობაზე დაწესდეს ლიმიტი. სავალდებულო იქნება ტრანსპორტში ნიღბების ტარებაც. არ არის გამორიცხული, რომ ზოგ შემთხვევაში, გაუქმებული მკაცრი შეზღუდვები ხელახლა ამოქმედდეს. ტურისტებს კი საქართველოში შემოსვლისას სავარაუდოდ COVID დოკუმენტი დასჭირდებათ.
"ჩვენ საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეგულაციებზეც ვმუშაობთ და შემდეგ კვირაში გარკვეული სტანდარტებიც გვექნება იმასთან დაკავშირებით. თუმცა, ვითვალისწინებთ იმას, რომ რთული იქნება სოციალური დისტანცირების დაცვა და სწორედ აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი არის დეტალური მუშაობის ჩატარება იმისათვის, რომ შემდგომში არ შეიქმნას ის გარკვეული რისკები, რის გამოც მთავრობა კიდევ ერთხელ გახდება იძულებული დააწესოს საგანგებო მდგომარეობა.
ტაქსის შემთხვევაში არსებობს გარკვეული რისკები, როგორც მძღოლთან ასევე მგზავრთან მიმართებაშიც და სწორედ ამის გათვალისწინებით დავტოვეთ შეზღუდვა, რომლის მიხედვითაც ავტომობილში სამ ადამიანზე მეტი არ უნდა იყოს,"- განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ.
იმას, რომ გარკვეულ დისკომფორტთან შეგუება ზაფხულშიც მოგვიწევს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძეც აღნიშნავს. მისი თქმით, ტრანსპორტშიც მოგვიწევს რეკომენდაციების დაცვა, მაგალითად, ნიღბების ტარება სავალდებულო იქნება.
"ზაფხულია, მესმის ადამიანები ისედაც შეწუხდნენ არსებული რეგულაციებით, ძალიან ბევრი დისკომფორტი იყო. ამ დისკომფორტის ნაწილი მოიხსნება, ნაწილი კი სამწუხაროდ გაგრძელდება. ტრანსპორტშიც მოგვიწევს რეკომენდაციების დაცვა, მაგალითად, ნიღბების ტარება სავალდებულო იქნება,"- აღნიშნა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს, უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე აღნიშნა, რომ ავტომობილში სამ ადამიანზე მეტი რაოდენობის შეზღუდვა იხსნება - რეგულაცია კი მხოლოდ ტაქსებს შეეხება.