კანონპროექტს, რომლის თანახმადაც,მთავრობას საგანგებო მდგომარეობის მიღების გარეშე შეზღუდვების დაწესების უფლება ექნება, სოციალური ქსელით ეხმაურება სახალხო დამცველი. ნინო ლომჯარია წერს, რომ კანონპროექტის დაჩქარებულად განხილვამ ყველა რისკის წინმსწრებად შეფასება შეუძლებელი გახადა.
"ის საკითხი, რომ შეზღუდვებს დროებითი ხასიათი ექნებათ, მნიშვნელოვნად ამცირებს არსებულ რისკებს. რჩება გარკვეული საკითხები, რომელიც სახალხო დამცველის მოსაზრებიდან არ აისახა. მათ შორის არის სწრაფი სასამართლო კონტროლის უზრუნველყოფა კანონპროექტით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვებზე. კანონპროექტის დაჩქარებულად განხილვამ შეუძლებელი გახადა ყველა რისკის წინმსწრებად შეფასება და მიუხედავად ტექსტის გაუმჯობესებისა, უაღრესად მნიშვნელოვანია იმაზე დაკვირვება, თუ როგორ იმოქმედებს აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები პრაქტიკაში," - აღნიშნულია განცხადებაში.
აქვე, სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ დეტალურად დააკვირდება პროცესს და შესაბამისი საფუძვლების არსებობისას, გამოიყენებს სამართლებრივ მექანიზმებს ადამიანის უფლებების დაცვის შემდგომი უზრუნველყოფისათვის, საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის ჩათვლით.
შეგახსენებთ, რომ მთავრობას პარლამენტის გარეშე შეზღუდვების დაწესება კონკრეტულ ლოკაციებზე დროებით და 15 ივლისამდე შეეძლება - ასეთია კანონპროექტის საბოლოო ვერსია.
ის ორი მოსმენით უკვე განხილულია და ამ წუთებში, საკანონმდებლო ორგანოში კანონპროექტი მესამე მოსმენით გავა. დღესვე იქნება კენჭისყრაც. უკვე ცნობილია, რომ ოპოზიციის მხარდაჭერა კანონპროექტს არ ექნება.