ქვეყანა 2 ფრონტზე იბრძვის - ეს არის ადამიანის ჯანმრთელობა და ეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესება. მთავრობაში ამბობენ, რომ ინფიცირებული პაციენტების შემცირება და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობის ზრდა არ ნიშნავს, რომ ვირუსი დამარცხებულია. დაწესებული შეზღუდვების მოხსნის პარალელურად, სიფრთხილის შენარჩუნება აუცილებელია, ამიტომ მოსახლობის უსაფრთხოებისთვის გარკვეული სახის შეზღუდვები ისევ შენარჩუნდება.
დედაქალაქის მოსახლეობისთვის მტკივნეული თემა ისევ გაურკვეველია - საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა ჯერ არ იგეგმება, თუმცა მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები და მომდევნო კვირაში გარკვეული სტანდარტები იქნება დადგენილი. საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებისთვის მგზავრების რაოდენობაზე ლიმიტი დაწესდება და ნიღბების ტარება სავალდებულო იქნება.
შეზღუდვები რჩება ტაქსებთან მიმართებაშიც, მძღოლს ისევ 2 პირის გადაყვანა შეუძლია
ოპოზიცია ხელისუფლებას ურჩევს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა დედაქალაქში დროულად აღდგეს და გონივრული შეზღუდვები დაწესდეს. მმართველი გუნდის ოპონენტები ამბობენ, რომ დარჩენილი აკრძალვები დღევანდელ ვითარებას არ შეესაბამება. ქართული ოცნების დეპუტატები კი ოპოზიციას კრიტიკას უწუნებენ.
დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების შედეგი 2 კვირაში გამოვლინდება. დღეს ეპიდსიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, თუმცა პანდემიის განსაკუთრებული ზრდაა მეზობელ ქვეყნებში. ამიტომ, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი მთავრობას საზღვრების გახსნის კუთხით, სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების მოხსნის პარალელურად, ცხელი წერტილი რჩება ბოლნისის 2 სოფელი მუშევანი და გეტა, სადაც ყველაზე მეტ 161 პირს დაუდასტურდა კორონავირუსი.