18 ნოემბერი 2024,   19:42
ვრცლად
აზარტული თამაშები, ალკოჰოლი, ბულინგი - არასრულწლოვნების შესახებ კვლევას სპეციალისტები საგანგაშოს უწოდებენ

შეტყობინებებს, რომლებიც არასრულწლოვნებს ეკუთვნით, სპეციალიზებული ცენტრები თითქმის ყოველდღიურად იღებენ. ორგანიზაციებს მოზარდები მას შემდეგ მიმართავენ, როცა საკუთარი ძალებით აზარტდამოკიდებულობის შეცვლას ვეღარ ახერხებენ. სტატისტიკა ადასტურებს, რომ ადამიანები თამაშზე დამოკიდებულნი ხშირად ბავშვობიდან ხდებიან.

აზარტული თამაშებისადმი მოზარდების დამოკიდებულება დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა შეისწავლა. კვლევამ, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით ჩატარდა, აჩვენა, რომ 15 წლამდე ასაკის პირების 34.6 პროცენტი თამაშობს. ონლაინთამაშებში ორივე სქესის წარმომადგენლები თითქმის თანაბრად არიან ჩართულნი.

კიდევ უფრო საგანგაშო სტატისტიკასა და მონაცემებზე საუბრობენ ორგანიზაციაში "დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ."არასამთავრობო სექტორში ფიქრობენ, რომ მიზეზი სარეკლამო პიარკამპანია, უმუშევრობა და სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი მარეგულირებელი კანონმდებლობის არ არსებობაა. აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა რიცხვთან ერთად მზარდია სუიციდის ფაქტებიც.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის კვლევამ ბავშვთა ჯანმრთელობის სხვადასხვა ასპექტი მოიცვა. სპეციალისტები მოზარდებში არსებული ბულინგის საკითხითაც დაინტერესდნენ, რის შემდეგაც გაირკვა, რომ გამოკითხულთა 37 პროცენტი ერთხელ, ან მრავალჯერ ჩართული იყო ფიზიკურ ძალადობაში. ბოლო სტატისტიკით, ბულინგის მსხვერპლი უფრო ხშირ შემთხვევაში გოგონები ხდებიან, ვიდრე ბიჭები.

მოზარდების გამოკითხვამ აჩვენა ისიც, რომ მათთვის, არც ალკოჰოლის მოხმარებაა უცხო. 11 წლის ასაკში თითქმის ყოველ მეხუთე მოზარდს და 13 წლის ასაკში ყოველ მესამეს, ერთხელ მაინც მიუღია ალკოჰოლური სასმელი. კიდევ უფრო მძიმე სურათი იკვეთება მწეველ მოზარდებთან დაკავშირებით მიღებული შედეგით.

კვლევაში მთელი ქვეყნის მასშტაბით 11-დან 15 წლამდე ოთხი ათასზე მეტი ბავშვი მონაწილეობდა.

დღის ამბები