18 ნოემბერი 2024,   19:50
ვრცლად
მე ვფიქრობ, რომ წესების დაცვით მაისში ტრანსპორტის გახსნა უნდა გადაწყდეს - ბიძინა კულუმბეგოვი

მეორე დღეა საქართველოში საგანგებო მდგომარეობა მოიხსნა, მოსახლეობის მთავარ კითხვად კი რჩება, როდის დაბრუნდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი დედაქალაქში.

როგორც ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აღნიშნავს, ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენასთან დაკავშირებით რეკომენდაცია ეპიდემიოლოგებთან ერთად უნდა გადაწყდეს.

მისივე თქმით, აუცილებელია კონტროლიორების გაზრდა.

"შეზღუდვა ძალიან მარტივია, თუმცა გახსნა ძალიან რთულია. მეტი ძალისხმევა მართებს ყველას. მთავარი გადაწყვეტილება მაინც უნდა მიიღონ ეპიდემიოლოგებმა და ასევე სატრანსპორტო კომპანიებმა. მთავარი აქცენტი გაკეთებული უნდა იყოს დეზინფექციაზე და კონტროლიორების რაოდენობის გაზრდაზე. მე ვფიქრობ, რომ ამ წესების დაცვით მაისში ტრანსპორტის გახსნა უნდა გადაწყდეს,"- განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ინფექციონისტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, კლინიკა "ნეოლაბის" კლინიკური განყოფილების გამგე მაია ბუწაშვილი აღნიშნავს, რომ  ტრანსპორტის დაბრუნება დედაქალაქში აუცილებელია, რადგან ადამიანები სამუშაო ადგილს დაუბრუნდნენ და ტრანსპორტის უმოქმედობა ბევრ მათგანს ხელს უშლის.

​"საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა აღდგეს, რადგან უამრავი სამუშაო ადგილი გაიხსნა. ვფიქრობ, რომ ავტობუსები უნდა დაემატოს. ადამიანები მაქსიმალურად დისტანცირებულები უნდა იყვნენ. ჩვენ ახლა თუ არ გავხსენით ტრანსპორტი, ძალიან რთულად წარმოსადგენია რას ველოდებით," - განაცხადა მაია ბუწაშვილმა.

შეგახსენებთ, მთავრობის დადგენილებით, კომენდანტის საათის მოხსნის შემდეგ დარჩენილი შეზღუდვების მოხსნა 15 ივლისამდე არ იგეგმება, თუმცა მთავრობის ადმინისტრაციის განმარტებით, უშუალოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებითაც ეპიდემიოლოგების რეკომენდაციას ელოდებიან და ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის გადაწყვეტილებას ვითარების ანალიზის საფუძველზე მიიღებენ, რის შესაბამისადაც დადგენილებაში ცვლილებები განხორციელდება.

დღის ამბები