სოციალური დისტანცირების უზრუნველყოფა, დეზინფექცია და კონტროლიორების რაოდენობის გაზრდა - ეს ის მთავარი რეკომენდაციებია, რასაც ეპიდემიოლოგები და იმუნოლოგები დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის დაბრუნების შემთხვევაში გასცემენ.
ჯანდაცვის სამინისტროში წინასწარ ზუსტ პროგნოზს არ აკეთებენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ სატრანსპორტო სამსახურთან აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, შეზღუდვების მოხსნიდან ორ კვირაში შესაძლებელია ზუსტად ითქვას, გაამართლა თუ არა შეზღუდვების შემსუბუქება.
"შეზღუდვების მოხსნის პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია თვალი ვადევნოთ ინფექციის გავრცელების დინამიკას, რომელიც ზუსტად აღწერს, რამდენად ვრცელდება ვირუსი და რამდენად აქვს მას ადამიანების დაინფიცირების პოტენციალი. როდესაც ეს მაჩვენებელი დაბალია, ამ შემთხვევაში მისი გავრცელების პოტენციალი ნაკლებია და შეგვიძლია შეზღუდვები შევამციროთ. თუ 15 რიცხვში ამუშავდა ტრანსპორტი და ამას რაიმე რისკი უკავშირდება, ამის შედეგსაც უცებ ვერ ვნახავთ, მხოლოდ ორ კვირაში შეგვეძლება მდგომარეობის შეფასება,"- განაცხადა თამარ გაბუნიამ.
შეგახსენებთ, მთავრობის ადმინისტრაციის განმარტებით, უშუალოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებითაც ეპიდემიოლოგების რეკომენდაციას ელოდებიან და ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის გადაწყვეტილებას ვითარების ანალიზის საფუძველზე მიიღებენ.