18 ნოემბერი 2024,   19:25
ვრცლად
ინფორმაცია ძალადობის შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს - ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახის განცხადება

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახი განცხადებას ავრცელებს.

როგორც ბრალდებული ჩოგბურთელის ოჯახი აცხადებს,  ინფორმაცია ძალადობის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება და ამ ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს. 

გარდა ამისა, ოჯახის განცხადებით, ნიკა ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე ჩოგბურთელისა და მისი ოჯახის რეპუტაციის შელახვას ადრეც ცდილობდა.

"გვსურს, გამოვეხმაუროთ იმ ბრალდებებს, რომლებიც დღეს ნიკოლოზის და ჩვენი ოჯახის მისამართით გაჟღერდა.

პირველ რიგში, გვინდა გულშემატკივრებს ბოდიში მოვუხადოთ იმ ცრუ ბრალდებების გამო, რაც ნიკოლოზის  და ჩვენი ოჯახის მისამართით ისმის.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ინფორმაცია ძალადობის შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს და ამ ფაქტის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ნელი დოროყაშვილი, ნიკოლოზის ყოფილი მეუღლე ცდილობს ნიკოლოზს და მის ოჯახს მორალური, ფინანსური თუ რეპუტაციული ზიანი მიაყენოს.

ნიკოლოზ ბასილაშვილი და ნელი დოროყაშვილი განქორწინებაში იმყოფებიან. ნელი დოროყაშვილი განქორწინებაზე უარს აცხადებდა, შესაბამისად განქორწინება სასამართლოს გზით, გარიგების საფუძველზე მოხდა. ნიკოლოზს ყოფილ მეუღლესთან არანაირი კონტაქტი სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ არ ჰქონია, გარდა ბავშის მეურვეობისა.

ნელი დოროყაშვილი განქორწინების შემდგომ, ასევე უსაფუძვლოდ, ბავშვზე ძალადობის ბრალდებით უჩიოდა ნიკოლოზ ბასილაშვილის დედას. საჩივარი სასამართლომ განიხილა და ბასილაშვილის დედა გაამართლა.

რაც შეეხება 21 მაისის შემთხვევას, ნელი დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილის მშობლების საკუთრებაში უნებართვოდ შეიჭრა, სადაც გამიზნულად ცდილობდა კონფლიქტის გამოწვევას. მიუხედავად ამისა, მის მიმართ არანაირი ძალადობის არათუ ფაქტი, მცდელობაც კი არ ყოფილა. საბედნიეროდ, ამის ბევრი მტკიცებულება არსებობს და მას სასამართლო 2020 წლის 16 ივლისს განიხილავს.

სასამართლო პროცესი გრძელდება. გვჯერა, რომ ნიკოლოზი უდანაშაულობას სამართლებრივი გზით ძალიან მალე დაამტკიცებს," - ნათქვამია ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

შეგახსენებთ, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილს 100 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც ოჯახის წევრის მიმართ არასრულწლოვნის თანდასწრებით ძალადობას გულისხმობს.

პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნ.დ.-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა.

ბრალდების მხარემ დაადასტურა დღეს, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მამას ყოფილი რძლის მიმართ შემაკავებელი ორდერი აქვს გამოწერილი.

დღის ამბები